ფაიზერი: კოვიდის ვაქცინა კვლევებისას 90%-ით ეფექტურია

ფარმაცევტულმა კომპანიამ “ფაიზერი" განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის პოტენციურმა ვაქცინამ კლინიკური კვლევების უკანასკნელ ეტაპზე 90 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა.

ამის შესახებ "ფაიზერის" თავმჯდომარემ, ალბერტ ბურლამ განცხადება ორშაბათს, პარტნიორ კომპანიასთან "ბიოენტექთან" ერთად გააკეთა.

ასევე ნახეთ: აშშ მალე "კოვიდ-19" შემთხვევების 10 მილიონიან ზღვარს გადალახავს

დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, "ფაიზერის" ვაქცინის კანდიდატის ეფექტურობის შესწავლამ აჩვენა, რომ 44,000 ადამიანს შორის, რომელიც შეერთებულ შტატებსა და სხვა ხუთ ქვეყანაში ცდებში მონაწილეობდა, ინფიცირების მხოლოდ 94 შემთხვევა დაფიქსირდა. "ფაიზერის" განცხადებით ეს აჩვენებს, რომ ვაქცინას შეუძლია ინფიცირების თავიდან აცილება, მის მიმღებთა უმეტესობაში.

თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა ასევე დასძინა, რომ ვაქცინას აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) საგანგებო ავტორიზაციის მისაღებად დრო დასჭირდება.

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, დოქტორი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ვაქცინისგან 70-75-პროცენტიან ეფექტურობას ელის, მაგრამ არსებულ ვითარებაში 50-პროცენტიანი ეფექტურობაც მისაღები იქნება.

ასევე ნახეთ: 50 მილიონზე მეტი ინფიცირებული გლობალურად - კოვიდ-19

“ფაიზერის" განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპიც. მან კლინიკური კვლევების შედეგებს "შესანიშნავი ამბავი” უწოდა და დასძინა, რომ ამ ამბის გავრცელებამ საფონდო ბირჟებზე ფასების მატება გამოიწვია.

“ფაიზერის" პროგრესს მიესალმა, არჩეული პრეზიდენტი ბაიდენიც. თუმცა, მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კოვიდ-19-ის დამარცხებას "თვეები დასჭირდება”.

შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით 10 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა დაახლოებით 240,000 ადამიანი.

ასევე ნახეთ: ზელენსკის კოვიდ-19 დაუდასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, ამ დროისთვის, კოვიდ-19-მა მსოფლიოში 1.25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.