პირველი მილიარდერი, რომელმაც კოსმოსში საკუთარი წარმოების რაკეტით გაისეირნა

რიჩარდ ბრენსონი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მილიარდერი, რომელმაც კოსმოსში საკუთარ კომპანიაში დამზადებული ხომალდით იმოგზაურა. ბრენსონის გაფრენამ ასტრონავტთა ტურიზმს კაცობრიობა კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოვა.

კომპანია "ვირჯინ-გალაქტიკში" დამზადებულმა რაკეტამ სტარტი კვირას ნიუ-მექსიკოდან აიღო. საკუთრი გამოცდილების შესახებ 71 წლის ბრენსონმა კოსმოსიდან ასეთი გზავნილი გაავრცელა:

ასევე ნახეთ: კოსმოსში 2 ამერიკელი მილიარდერი 9 დღის ინტერვალით მიფრინავს

"ყველა ბავშვს, მანდ, ქვემოთ, მინდა ვუთხრა: მეც ოდესღაც ბავშვი ვიყავი და ვარსკვლავებს ოცნებით შევყურებდი. ახლა ზრდასრული ვარ, კოსმოსურ ხომალდზე სხვა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვიმყოფები და შევყურებ ჩვენს ლამაზ, ლამაზ დედამიწას. მეოცნებეთა მომდევნო თაობას მსურს ვუთხრა: თუკი ჩვენ ეს შევძელით, უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ".

"ვირჯინ გალაქტიკის" განცხადებით, რაკეტამ კოსმოსში წარმატებით იფრინა. კვირის რეისი კომპანიისთვის რიგით 22-ე საცდელი და პირველი სრულეკიპაჟიანი გაფრენა იყო. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მსგავს გაფრენას თავისივე კომპანიის ხომალდით "ამაზონის" დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსიც გეგმავს.

Your browser doesn’t support HTML5

გზავნილი კოსმოსიდან: ყველა ბავშვს, მანდ, ქვემოთ, მინდა ვუთხრა...