ლუკაშენკო: გვაკრიტიკებენ, რომ ვართ ერთადერთი, ვინც რუსეთს მხარს უჭერს

ბელარუსის ლიდერმა კვირას განაცხადა, რომ ქვეყანა სრულად დგას რუსეთის გვერდით, უკრაინაში მის "სამხედრო კამპანიაში", მოსკოვთან „მოკავშირე სახელმწიფოს" სტატუსით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე.

ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც 1994 წლიდანაა ხელისუფლებაში და დასავლეთში მას ბრალად სდებენ არჩევნების გაყალბებას და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს, ნება მისცა რუსეთის ჯარს, უკრაინასთან ომში მისი ქვეყნის ტერიტორია გამოიყენოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერის განცხადება იყო „გზავნილი“, რომელიც ფრთხილად უნდა შეფასდეს. უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ბელარუსი შეიძლება უშუალოდ ჩაერთოს კონფლიქტში.

ლუკაშენკომ საბჭოთა ჯარების მიერ, მეორე მსოფლიო ომის დროს მინსკის გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თებერვლის ბოლოს "პირველივე დღიდან", პუტინის "კამპანიას" უკრაინაში მხარს უჭერს.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინას ბელარუსი მოხალისეებიც ეხმარებიან

"დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს ნაციზმთან ბრძოლაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ და გავაგრძელებთ რუსეთის მხარდაჭერას", - თქვა ლუკაშენკო შეკრებაზე, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტას" ცნობით.

"და ვინც გვაკრიტიკებს, არ იციან, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ასეთი მჭიდრო კავშირი გვაქვს?... რომ ჩვენ პრაქტიკულად ერთიანი ჯარი გვყავს. მაგრამ, თქვენ ეს ყველაფერი იცოდით. ჩვენ დავრჩებით რუსეთის მოძმე სახელმწიფოდ“ - აცხადებს ლუკაშენკო.

ბელარუსი რუსეთის „მოკავშირე“ სახელმწიფო 1990-იანი წლების მოერე ნახევრიდანაა. თუმცა, აქამდე ბელარუსის პრეზიდენტი ინარჩუნებდა ბალანსს და ცდილობდა არ დაეთმო ქვეყნის „სუვერენიტეტი“. მაგრამ, ლუკაშენკო სულ უფრო მეტად გახდა კრემლზე დამოკიდებული მას შემდეგ, რაც რუსეთის მხარდაჭერით, მასობრივი საპროტესტო აქციები ჩაახშო, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა და რომელსაც დასავლეთში გაყალბებულად მიიჩნევენ.

უკრაინული მედიის მიხედვით, ზელენსკიმ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ლუკაშენკოს კომენტარები "საშიშია“.

ასევე ნახეთ: უკრაინა "მზადაა", თუ ბელარუსი ომში ჩაერთვება

„ლუკაშენკოს განცხადება რუსეთთან ერთიანი არმიის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, საშიშია ბელარუსი ხალხისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს.

"მან არ უნდა ჩაითრიოს ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. მჯერა, რომ ეს საშიში გზავნილია და ვფიქრობ რომ ჩვენ ყველანი დავინახავთ ამ გზავნილის შედეგებს" - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ბელარუსის ომში ჩართვის სცენარისთვის ემზადებიან. თუმცა, დაზვერვის მაღალჩინოსნების და ცალკეული ლიდერების განცხადებით, ბელარუსის მხრიდან უშუალოდ სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა დაბალია.