ავღანეთი 900 თალიბ პატიმარს გაათავისუფლებს

ავღანეთის მთავრობა თალიბანს სთხოვს სამდღიანი ზავი, რომელსაც ვადა სამშაბათს ეწურება, რამდენიმე დღით გააგრძელოს. ოფიციალური ქაბული ასევე აცხადებს, რომ გაათავისუფლებს თალიბანის 900 წევრს, რომლებიც აქამდე ავღანეთს ციხეებში იხდიდნენ სასჯელს. ეს პატიმრების დღემდე ყველაზე დიდი რაოდენობაა, რომელსაც ავღანეთის მთავრობა გაათავისუფლებს.

პატიმრების გათავისუფლება სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა თებერვალში მიაღწიეს.

„პატიმრების საკითხის უკეთ სამართავად, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელება,“ განაცხადა ავღანეთის ეროვნული უშიშროების მრჩევლის წარმომადგენელმა ჯავიდ ფაიზალმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალადობა და სისხლისღვრას შეაჩერებს და ავღანეთის მთავრობა მისთვის მზადაა.

თალიბანმა სამ დღიანი ცეცხლის შეწყვეტა იდ ალ ფიტრის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოაცხადა, რომელიც მუსლიმურ რელიგიაში რამადანის წმინდა თვის დასასრულს აღნიშნავს. ამ გადაწყვეტილებას ავღანეთის მთავრობა და შეერთებული შტატებიც მხარს უჭერდნენ.