ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ქართველებს ულოცავს: გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე


საქართველოს დამოუკიდებლობის 102 წლის იუბილეს მსოფლიოს არაერთი ლიდერი ულოცავს. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანას მტკიცე პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და მის ევროატლანტიკურ გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

"ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღის იუბილეს - 26 მაისს! ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება საერთო ფასუელობებსა და ინტერესებს.

ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის მის მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატო-ს ძალების მხარდამხარ მსახურობენ. ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება და დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ კოვიდ-19-ის უპრეცედენტო გლობალურ პანდემიასთან გასამკლავებლად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად.

ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენიც დამოუკიდებელი სასამართლოა, ასევე - ეკონომიკის დივერსიფიკაციაში. გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს“, - ვკითხულობთ დონალდ ტრამპის მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრს გაეგზავნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG