ზელენსკი: "აღმოსავლეთში ვითარება ძალიან რთულია"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სიტუაცია დონეცკის რეგიონში "ძალიან რთულია". რუსეთი ომის ერთი წლის თავზე უკრაინის აღმოსავლეთში შეტევებს აძლიერებს.

"დონეცკის რეგიონში სიტუაცია ძალიან რთულია. ინტენსიური ბრძოლაა, მაგრამ იმის მიუხედავად, რა რთულია ეს და რა დიდია წნეხი, ჩვენ ამას უნდა გავუძლოთ", - მიმართა ერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 თებერვლის ღამეს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი იერიშებს იმის იმედით აძლიერებს, რომ გასული წლის განმავლობაში განცდილი მარცხის კომპენსირება შეძლოს.

პარალელურად, რუსეთმა განაახლა საჰაერო იერიში ქალაქ ხარკივის წინააღმდეგ და სტრატეგიული პორტის, ხერსონის მიმართულებით. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ხერსონში თვდასხმის სამიზნე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გახდა. ხარკივის გუბერნატორის თქმით კი, რუსული რაკეტა ქალაქის ცენტრში მდგომ კორპუსს მოხვდა და სულ მცირე 5 ადამიანია დაშავებული.

უკრაინის თავდაცვის ლიდერები კი კვლავ ითხოვენ დასავლეთისგან მეტი იარაღის მიწოდებას, უკვე დამტკიცებული იარაღის უფრო სწრაფ გადაცემას. ამასთან გრძელდება დისკუსია საბრძოლო თვითმფრინავების თაობაზეც.