უკრაინა ხერსონის რეგიონში უკვე 41 დასახლებას აკონტროლებს

რუსეთმა პარასკევს განაცხადა, რომ ქალაქ ხერსონიდან ძალების გაყვანა დასრულდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელმა პარტიზანებმა ქალაქის ცენტრში უკრაინის დროშა უკვე აღმართეს. თუმცა, რუსული ძალები სრულად ტერიტორიიდან ჯერ არ გასულა.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" უკრაინის ძალების დაწინაურების კონკრეტულ მასშტაბებს ვერ ადასტურებს, ვერც იმას, თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი ან რუსული ტექნიკაა დარჩენილი მდინარე დნიპროს მარჯვენა ნაპირზე მაშინ, როცა მოსკოვმა ნაჩქარევად გაიყვანა ძალები რეგიონიდან.

სერჰიი ხლანმა, ხერსონის რეგიონული საბჭოს წევრმა თქვა, რომ ბევრი რუსი ჯარისკაცი ხერსონიდან გაქცევის მცდელობისას დაიხრჩო, ზოგი კი სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ცდილობდა დაეტოვებინა ტერიტორია. ქალაქი მისი თქმით, თითქმის სრულად უკრაინელთა კონნტროლის ქვეშაა. მისივე ცნობით, სჯობს მოქალაქეებმა ჯერ სახლები არ დატოვონ, სანამ უკრაინელი სამხედროები დარჩენილ რუს ჯარისკაცებს ეძებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი მანამდეც თქვა, რომ მან დაასრულა მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაყვანა. ეს განცხადება თავდაცვის უწყებამ მოსკოვის მიერ უკანდახევის შესახებ განცხადების გაკეთებიდან 2 დღეში გაავრცელა.

ასევე ნახეთ: უკრაინის ჯარები ხერსონში შედის, იქ მყოფი რუსი ჯარისკაცები უნდა ჩაბარდნენ - კიევი

"მდინარის მარჯვენა (დასავლეთ) სანაპიროზე ჩვენი არანაირი იარაღი და აღჭურვილობა აღარაა დარჩენილი. ყველა რუსი ჯარისკაციც უკვე მარცხენა სანაპიროზეა", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ასევე განმარტებულია, რომ რუსეთს არც ჯარისკაცები და არც ტექნიკა უკან დახევისას არ დაუკარგავს.

ერთ-ერთი პრორუსი ბლოგერი ხუთშაბათ საღამოს იტყობინებოდა, რომ მდინარის გადაკვეთისას რუსული ძალები უკრაინელთა მხრიდან გახსნილი ცეცხლის მიზანში აღმოჩნდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ უკრაინულმა ძალებმა მათ მდინარე დნეპრის გადაკვეთა ერთ ღამეში ხუთჯერ შეუზღუდეს და ამას ისინი ამერიკული სარაკეტო სისტემებით, "ჰაიმარსებით" ახერხებდნენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ხუთშაბათს ამბობდა, რომ რუსული ძალების რაოდენობის გათვალისწინებით, ხერსონის დასატოვებლად სულ მცირე 1 კვირა იქნებოდა საჭირო. ის ასევე ამბობდა, რომ დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, რეგიონში - ქალაქსა და მის შემოგარენში დაახლოებით 40 ათასი რუსი სამხედრო რჩებოდა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი მოქალაქეებისადმი შუაღამის მიმართვისას თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა კონტროლი 41 დასახლებაზე მოიპოვეს და სამხრეთით წინ მიიწევენ. ომის თითქმის 9 თვის პერიოდში ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წინსვლაა უკრაინული ძალებისთვის.