ტრამპისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული

ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, მის საოჯახო კომპანიასა და სამ შვილს უჩივის. ბრალდების შინაარსი ათწლეულის განმავლობაში მათი უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებულ მცდარ ინფორმაციას ეხება, რომელიც სამართალდამცავთა განმარტებით, თაღლითობა იყო და ხელსაყრელი პირობებით სესხებისა და საგადასახადო შეღავათების მისაღებად იყო გამიზნული. თუკი დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში კენჭს იყრის, ის იქნება კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც არაერთი საქმეა აღძრული.

ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი ლეტისია ჯეიმსი ამბობს, რომ მისმა ადმინისტრაციამ გამოავლინა 20-ზე მეტი შემთხვევა, როცა ტრამპის ოჯახის ქონების ღირებულება არასწორად იყო მითითებული. ეს ფაქტები 2011-2021 წლებში ფიქსირდება. პროკურორი ტრამპს ამ ქონების საერთო ღირებულების მილიარდობით დოლარით შემცირებულად წარმოდგენაში სდებს ბრალს, რათა უკეთესი სესხები და დაზღვევა მიეღო. ჯეიმსს სურს, რომ დონალდ ტრამპსა და მის სამ შვილს სამუდამოდ აეკრძალს შტატში კომპანიების ფლობა და ახალი უძრავი ქონების შეძენა.

ამ სამოქალაქო სარჩელის გარდა, ნიუ-იორკის შტატი ტრამპს სისხლის სამართლის საქმეზეც ედავება. საქმე საგადასახადო თაღლითობას ეხება. იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს პრეზიდენტის მიერ სამთავრობო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის საქმესაც.

ტრამპის ოჯახის და კომპანიის იურისტები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ. ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი ჯეიმსი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. მას რესპუბლიკელი ტრამპის წინააღმდეგ, როგორც მისი პრეზიდენტობის დროს, ასევე მას შემდეგ, არაერთი კრიტიკული განცხადება აქვს გაკეთებული.