ვითხოვთ შეკვეთილ ვაქცინებს - ბრიტანეთი ევროპას ედავება

ევროპაში კოვიდ-19-ის ვაქცინის დოზებისთვის კონკურენცია იზრდება. ბრიტანეთი "ასტრაზენეკასგან" ითხოვს ყველა შეკვეთილი ვაქცინის სრულად მიღებას. "ვფიქრობ, რომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ვაქცინების მარაგი, რომელიც წინასწარ შეძენილია და უკვე გადახდილია, მიეწოდოს გაერთიანებულ სამეფოს" - თქვა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრმა მაიკლ გოვმა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმა შეკვეთა გეგმის მიხედვით, დროულად მიიღოს.

პარალელურად, ევროკავშირმა ფარმაცევტულ კომპანიას სთხოვა, ვაქცინები ჯერ არა ბრიტანეთისთვის, არამედ ევროპული ქვეყნების გაერთიანებისთვის მიეწოდებინა. ევროპის კავშირმა შეფერხებებისთვის საჯაროდ გააკრიტიკა ბრიტანულ-შვედური კომპანია. ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინა ჯერ ბლოკს ოფიციალურად არ დაუმტკიცებია.

ასევე ნახეთ: "გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ვხურავთ ცას," - ისრაელის ბრძოლა კოვიდ-19-თან 

კომპანიის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა პასკალ სორიომ პასუხად განაცხადა, რომ ევროკავშირმა დააგვიანა კომპანიასთან კონტრაქტის დადება. მან მიწოდების შეფერხება ბელგიაში მდებარე პარტნიორ საწარმოს გადააბრალა.

ვაქცინაციის ტემპებით ევროპის კავშირის ქვეყნები ბევრად ჩამორჩება ისრაელს, ინგლისს და შეერთებულ შტატებს. ბრიუსელს ვაქცინების ადმინისტრირება კიდევ უფრო გაუჭირდა მას შემდეგ, რაც დასავლეთის ფარმაკო-გიგანტებმა მიწოდების ტემპები შეანელეს. მიზეზად კოვიდ-19-ის ვაქცინების წარმოების პრობლემები სახელდება.

გერმანიაში და საფრანგეთში ვაქცინაციის ცენტრებს აცრებისთვის უკვე დანიშნული ვიზიტების გაუქმება მოუწიათ. ანალოგიური რამ ამერიკის რამდენიმე შტატშიც ხდება.

ასევე ნახეთ: კოვიდსიტუაცია მსოფლიოში - მშრალი ფაქტები