ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთიდან 25 მილიონ ინფიცირებულამდე - პანდემიის ერთი წელი ამერიკაში


მანქანიდან გადაუსვლელად ტესტირების ცენტრი ფილადელფიაში
მანქანიდან გადაუსვლელად ტესტირების ცენტრი ფილადელფიაში

ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 21 იანვარს, შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა აღრიცხეს. ის ვაშინგტონის შტატში ჩინეთიდან ჩამოსულ პაციენტს აღმოუჩინეს, რომელსაც ერთი კვირით ადრე ექიმებმა პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

თუმცა, თვეების შემდეგ, პრობლემის ღრმად შესწავლამ აჩვენა, რომ ინფიცირების პირველი შემთხვევები ამერიკაში თურმე დეკემბერშიც არსებობდა, სულ სხვა შტატში - კალიფორნიაში. გასული წლის იანვარში ახალი ვირუსით გამოწვეულ დაავადებას ჯერ კოვიდ-19 არ ერქვა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემია ჯერ არ ჰქონდა გამოცხადებული.

სიტუაცია მაშინ ასე იყო: ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია უკვე ადასტურებდა, რომ ვირუსი არამარტო ცხოველიდან ადამიანზე, არამედ ინფიცირებული ადამიანებისგანაც ვრცელდება. 21 იანვარს ჩინეთი ამბობდა, რომ ბოლო 3 დღეში მათთან 136 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ვირუსის სწრაფად გავრცელების შიშს ზრდიდა.

პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში და შანხაიში. ქალაქ ვუჰანში კი, სადაც ინფექციამ დეკემბერში იფეთქა, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებდა.

გასული წლის 21 იანვრიდან დღემდე, შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში სიტუაცია დრამატულად შეცვალა. სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ვირუსით ინფიცირებულთა აღრიცხულმა რაოდენობამ მარტო ამერიკაში 25 მილიონს გადააჭარბა, მსოფლიოში კი 97.5 მილიონს აღწევს.

მთელ მსოფლიოში კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვი დღეს 2 მილიონს გადაცილდა. ამერიკა გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ლიდერობს როგორც ინფიცირებული, ისე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვით. დღეისთვის, შეერთებულ შტატებში ამ მიზეზით გარდაიცვალა თითქმის 416 000 ადამიანი.

პანდემიის დასაწყისში, ინფიცირების სწრაფად ზრდასთან ბრძოლას მსოფლიოს ქვეყნებმა თავი არაერთგვაროვანი წარმატებით გაართვეს. გამოიკვეთა რამდენიმე სახელმწიფო, სადაც ჯანდაცვის სისტემების და პოლიტიკური ლიდერების მიერ ერთობლივად მიღებული ზომები ეფექტური გამოდგა. მათ შორის ასახელებენ გერმანიას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას.

სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ მეცნიერების უპრეცედენტო მიღწევებს ვაქცინების სწრაფად განვითარების მიმართულებით. პანდემიის პირველივე წელს შეიქმნა რამდენიმე მაღალი ეფექტურობის მქონე უსაფრთხო ვაქცინა, რომლებიც 2020 წლის ბოლოსვე დაამტკიცა რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის - ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა.

ჯერჯერობით ვაქცინაციის პროცესი სასურველზე ნელი ტემპებით მიმდინარეობს. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამერიკის შტატებში განაწილებულია კოვიდ-19-ის ვაქცინის თითქმის 36 მილიონი დოზა. ორდოზიანი ვაქცინაციის პირობებში, დღეისთვის (ერთი დოზით მაინც) აცრილია 16.5 მილიონი ამერიკელი. აქედან ორივე დოზა მიღებული აქვს მხოლოდ 2.1 მილიონს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG