ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის და ბლინკენის შეხვედრა უკრაინაში


ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ). კიევი, უკრაინა. 8 სექტემბერი, 2022 წ.
ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ). კიევი, უკრაინა. 8 სექტემბერი, 2022 წ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში თქვა, რომ კიევში, ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართული საუბარი ბევრ საკითხს შეეხო. მათ შორის, მხარეებმა განიხილეს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება.

"ლეგალური რეალობა შექმნილ რეალობას უნდა ასახავდეს. ფაქტია, რომ რუსეთი დედამიწაზე ტერორიზმის ყველაზე დიდ წყაროდ გადაიქცა" - განაცხადა ზელენსკიმ. მისი აზრით, მსოფლიომ მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს, რომ "რუსეთის ტერორი უპატიებელია".

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს კლასიფიკაცია არ უნდა მიენიჭოს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მეზობელ სახელმწიფოსთან ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, კიევი ითხოვს, რომ რუსეთს ეს კლასიფიკაცია მიეცეს. უკრაინის მოთხოვნას ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელიც ემხრობა.

ამერიკის უმაღლესმა დიპლომატმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, კიევს კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინის მხარდაჭერისადმი ერთგულება, "რამდენი ხანიც საჭირო იქნება ეს". ზელენსკიმ ბლინკენთან შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა თეთრ სახლს "უზარმაზარი მხარდაჭერისთვის" და ამერიკის კონგრესს "ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების და მიწების დაბრუნების საქმეში" უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაში.

ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაკეთებულ იმავე მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე დაწინაურებაზეც გაამახვილა ყურადღება. "1 სექტემბრის შემდეგ, ჩვენი ტერიტორიის 1 000 კილომეტრზე მეტია გათავისუფლებული... ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ეს შესაძლებელი გახადა, თითოეული უკრაინული დროშისთვის, რომელიც ამ დღეებში აღიმართა, მადლობელი ვარ არმიის, დაზვერვის ოფიცრების და საგანგებო სამსახურების" - განაცხადა მან.

უკრაინაში ჩასვლის დღეს, ბლინკენმა განცხადება ამერიკის მორიგ, $2.6-მილიარდიან დახმარებაზე გააკეთა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვისაა განსაზღვრული. ამასთან, პაკეტი მოიცავს რეგიონის დამატებით 18 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დახმარებას, რადგან ისინი "დიდი ალბათობით რუსეთის მომავალი აგრესიის რისკქვეშ არიან". საერთო ჯამში, შეერთებული შტატების დახმარება უკრაინისადმი $15.2 მილიარდს აღწევს. საუბარია მხოლოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ თანხებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG