ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ქნესეთს სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიყიდვას სთხოვს


პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ქნესეთისადმი ისრაელის მოსახლეობა ქუჩებიდანაც ადევნებდა თვალს. თელ-ავივი, ისრაელი. 20 მარტი, 2022 წ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ისრაელის პარლამენტს მიმართა. ვიდეოზარის საშუალებით, მან ისრაელს კიდევ ერთხელ სთხოვა დახმარება, უკრაინის მიწაზე რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე, უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში.

ზელენსკიმ ქნესეთისადმი მიმართვაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისრაელის გადაწყვეტილება, არ მიჰყიდოს უკრაინას მოწინავე ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელიც "რკინის გუმბათის" სახელით არის ცნობილი.

"ყველამ იცის, რომ თქვენი სარაკეტო თავდაცვის სისტემები საუკეთესოა... და რომ თქვენ დანამდვილებით შეგიძლიათ ჩვენს ხალხს დაეხმაროთ, იხსნათ უკრაინელთა სიცოცხლე, უკრაინელი ებრაელების სიცოცხლე" - უთხრა ისრაელის კანონმდებლებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თავადაც ებრაელია.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ისრაელი უკრაინას და რუსეთს შორის მშვიდობიანი მომლაპარაკებლის როლში გამოდის. პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, კონფლიქტის დასრულების მიზნით, არაერთხელ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. თუმცა, "რკინის გუმბათის" სისტემების კიევისთვის მიყიდვაზე ისრაელი უარს აცხადებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG