ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალი დაკავებებს აგრძელებს


ნანა ბუნტური, ცხინვალის ციხეში ტყვედ მყოფი ზაზა გახელაძის დედა
ნანა ბუნტური, ცხინვალის ციხეში ტყვედ მყოფი ზაზა გახელაძის დედა

მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებს 5 თებერვალს ახსნა-განმარტებების მიცემა დასჭირდათ საზოგადოებისთვის იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება შვიდი თვის წინ, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის განთავისუფლება. სახელმწიფო მოხელეთა ტექსტები ჰგავდა ერთმანეთს, ყველა ამბობდა იმის თაობაზე, რომ მაქსიმუმს აკეთებენ ცხინვალის ციხის ქართველი ტუსაღების გასათავისუფლებლად, რომ რუსეთის ქმედებები დესტრუქციულია და რომ იმედი აქვთ, „პატიმრები ადრე თუ გვიან განთავისუფლდებიან“.

გასული წლის 11 ივლისს დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ყოველ დღეს იმედის თვალით შეჰყურებდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში - დაკავებიდან დღემდე, სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები მათ არწმუნებენ, რომ ხმაური და აქციები საჭირო არაა, რომ ზაზას გასათავისუფლებლად ისინი მაქსიმუმს აკეთებენ. ამიტომაც ოჯახისთვის დღევანდელი განაჩენი, რომლის თანახმად ზაზა გახელაძეს პატიმრობა 12 წლისა და 6 თვის განმავლობაში მიესაჯა, მოულოდნელობა იყო. ოჯახის წევრები შოკში იყვნენ ასეთი ვერდიქტის მოსმენის შემდგომ.

ზაზა გახელაძის ოჯახის პროტესტი ავტომაგისტრალზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:39 0:00

ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური დღევანდელ დღემდე აცხადებდა, რომ მისი მეუღლე ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩიოდა, ამიტომაც ვერ აძლევდნენ თავს უფლებას ზაზას მხარდამჭერი მასობრივი აქციები დაეორგანიზებინათ, ან მასში მიეღოთ მონაწილეობა. თუმცა, 5 თებერვალს საზოგადოებამ განსხვავებული სურათი ნახა. ზაზა გახელაძის ახლობლებმა თბილისი-სენაკის ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება ნახევარი საათით მოახდინეს. ისინი ამ ფორმით შეეცადნენ ყურადღების მიქცევას და სახელმწიფო სტრუქტურების გააქტიურებას. გვიან ღამით, გახელაძეების ოჯახი იგოეთის პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს, მაგისტრალის გადაკეტვის საკითხის მოსაკვლევად. „აღარ გავრჩერდებით, კიდევ გადავკეტავთ გზას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ნანა ბუნტურმა, ზაზა გახელაძის დედამ.

გზის გადაკეტვამდე კი, შუადღის სამი საათისთვის, ზაზა გახელაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სპონტანურად დაიგეგმა აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც შეხლა-შემოხლაც მოხდა საზოგადოების წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შორის.

ცხინვალის ციხეში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:45 0:00

სხვებთან ერთად, აქციაზე პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარიაც იმყოფებოდა. მას დიდი ხნის ურთიერთობა აქვს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან. მისი დაკავების შემდგომ, არაერთხელ მისულა ქვემოჭალაში და უსაუბრია მათთან. „მე მქონდა პირდაპირი კავშირი ოჯახთან, ამ საქმეს ვადევნებდი თვალს და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა პირდაპირი მითითება მათთან, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია ოპოზიციასთან, გაჩუმებულიყვნენ და ასე უფრო დაეხმარებოდნენ მათ. მიჩუმება არის ზუსტად ის, რაც აწყობს რუსეთს და სწორედ ამას აკეთებს წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება.“

ჟურნალისტებთან საუბრისას ოჯახის წევრებს ასევე, არაერთხელ აღუნიშნავთ იმის თაობაზე, რომ აქვთ ხელისუფლების იმედი, რომ ეშინიათ, ზედმეტი აქტიურობით არ გაამწვავონ ვითარება. თუმცა, დე-ფაქტო სასამართლოს ვერდიქტმა ოჯახის აქტიურობის ეფექტიანობის თაობაზე დამოკიდებულება, შესაძლოა, შეცვალოს.

ანტიოკუპაციური მოძრაობა, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები, საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ საზოგადოების აქტიურობა უფრო ეფექტიანია, ვიდრე უხმაუროდ ყოფნა“. „ასე იყო ვაჟა ექიმის შემთხვევაშიც და ასეა ყოველთვის. როდესაც საზოგადოება ერთიანდება და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, ამას მოაქვს შედეგი. გაჩუმებით არაფერი არ გამოვა. ჩვენ ვაპირებთ დავაორგანიზოთ ხმაურიანი აქციები. ამ ოჯახს დავუდგებით გვერდში და ყველას მოგიწოდებთ, ასე მოიქცეთ“, - ამბობს დავით ქაცარავა, „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი.

იმ დროს, როდესაც ზაზა გახელაძეს დე-ფაქტო სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა, ცხინალში კონსტანტინე კოსაჩოვი, რუსეთის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფებოდა. ცხინვალში შიდა პოლიტიკური მღელვარების პერიოდია. პარლამენტი შეკრებას გასული წლის ოქტომბრის ბოლოდან ვერ ახერხებს, ბიუჯეტი კი მისაღებია. პოლიტიკური დაძაბულობა, ქუჩის ამბოხი... თითქოს სრული ერთობლიობაა იმისთვის, რომ საქართველომ თავისი მოქალაქეებისთვის წარმატებას მიაღწიოს ცხინვალის რეგიონში, თუმცა რეალობა განსხვავებულია.

„დეტალურ ნაბიჯებზე ღიად საუბარი რელევანტური არ იქნებოდა. თუმცა, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ჩვენს ხელთაა, სათანადოდაა ამუშავებული და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, რათა ყველა ჩვენი მოქალაქე და პირველ რიგში, ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, ის აქტიურობა, რაც მათი მხრიდან მიდის და ის მუშაობა, რასაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან, შესაძლებელი იქნება, ჩვენი მოქალაქეები დაუბრუნდნენ თავის ოჯახებს,“- ამბობს ლაშა დამენია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

მინისტრის მოადგილე ტელეკომპანია რუსთავი ორთან საუბრისას ამბობს: „ჟენევის თანათავმჯდომარეები თავიდანვე აქტიურად მუშაობენ ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიმართულებით. რუსეთი ამ ნაბიჯებს არ დგამს სპონტანურად. მათ აქვთ თავისი გეგმა. სურთ ვითარების მაქსიმალურად დაძაბვა, ესკალაცია. პასუხისმგებლობა, ცალსახად ეკისრება რუსეთს ამ ქმედებებზე.“

ზაზა გახელაძე კი კვლავ ცხინვალის ციხეში რჩება. მასთან ერთად, იქ კიდევ იმყოფება გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი და ორი დღის წინ, გუგუტიანთკარიდან დაკავებული რამაზ ბეღელური. აფხაზეთში კი რეჟიმის ტყვეა ირაკლი ბებუა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG