ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იური ლუჟკოვი ახალი პოლიტიკური როლის ძიებაში


იური ლუჟკოვი ახალი პოლიტიკური როლის ძიებაში

ორშაბათს 4 ოქტომბერს იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ იგი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აპირებს

„ნდობის დაკარგვის“ გამო პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მიერ მოსკოვის მერის თანამდებობიდან ახლახანს მოხსნილი იური ლუჟკოვი კვლავინდებურად რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში რჩება. ორშაბათს, 4 ოქტომბერს მან ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა. „მე შევქმნი საკუთარ საზოგადოებრივ მოძრაობას,“ აღნიშნა ლუჟკოვმა გაზეთ New York Times-თან ინტერვიუში. რაც შეეხება იმას თუ რის საფუძველზე შეიქმნება ხსენებული მოძრაობა, ყოფილმა მერმა უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოსდა მოძრაობის საფუძველს „იაბლოკოს“ პარტია შექმნის. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს იქნება საზოგადოებრივი მოძრაობა და არა პოლიტიკური პარტია.

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტიში გამართულ პრეს კონფერენციაზე, რომელიც მთლიანად ლუჟკოვს მიეძღვნა, ეფექტური პოლიტიკის ფონდის პრეზიდენტმა გლებ პავლოვსკიმ ამერიკის ხმის რუსული რედაქციის კითხვაზე ლუჟკოვის გადაწყვეტილება მოსკოვის სხვა ყოფილი მერის გავრილ პოპოვის მიერ შექმნილ მოძრაობას შეადარა. „ეს სწორედ ის ადამიანია, რომელმაც მოსკოვის მერობის დროს საჯაროდ, ერთ-ერთი გაზეთის ფურცლებზე, განაცხადა, რომ ჩინოვნიკს ქრთამის აღების უფლება უნდა ჰქონდეს. მან ქრთამის პარამეტრებიც განსაზღვრა - ქრთამი გაფორმებული გარიგების 15-20 პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს. ფაქტობრივად იგი მოგების განაწილებაში ხელისუფლების კანონიერ მონაწილეობაზე ლაპარაკობდა,“ აღნიშნა რუსმა პოლიტოლოგმა.

გლებ პავლოვსკის აზრით ლუჟკოვის მოძრაობა დემოკრატიის მომხრეთა საკმაოდ უჩვეულო გაერთიანებად ჩამოყალიბდება. მას ეეჭვება, რომ ამგვარი მოძრაობა მომხრეთა მნიშვნელოვან რიცხვს მოიზიდავს. „დაბადებიდანვე ეს ძალზედ არაფუნქციონალური მოძრაობა იქნება,“ აღნიშნა ეფექტური პოლიტიკის ფონდის პრეზიდენტმა.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტთან არსებული ელიტის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი ოლგა კრიშტანოვსკაია პავლოვსკის არ ეთანხმება. მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გამო ლუჟკოვის მოძრაობა გავლენიანი იქნება. „თუ გაითვალისწინებთ ლუჟკოვის სოლიდურ პოლიტიკურ გამოცდილებას მიიღებთ იმას, რომ ყველაფერი უფრო დეტალურ შესწავლას მოითხოვს. საინტერესო იქნება ის, თუ როგორ განვითარდება მისი მოძრაობა,“ აღნიშნა კრიშტანოვსკაიამ.

სოციოლოგმა არ გამორიცხა ის, რომ ლუჟკოვის მოძრაობა შეიძლება რეალურ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს. მისი თქმით: „შესაძლოა, რომ ერთი დროშის ქვეშ ამჟამინდელი ოპოზიციონერებიც შეიკრიბონ.“

ამასობაში მოსკოვსა და მის გარეთ გრძელდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ლუჟკოვის მემკვიდრე. ორშაბათს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა და მმართველი პოლიტიკური პარტიის „ედინაია როსიას“ უზენაესი საბჭოს წევრმა ბორის გრიზლოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ლუჟკოვის მემკვიდრის ვინაობა 9 ოქტომბრამდე გაირკვევა. მისი თქმით, „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს პრეზიდიუმი პარასკევს საღამოს ან შაბათს დილით შეიკრიბება და სამი ან ოთხი კანდიდატურისგან შედგენილ სიას დაამტკიცებს. კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებული კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს, აღნიშნა სპიკერმა.

ექსპერტებს ჯერ-ჯერობით უჭირთ იმის პროგნოზირება თუ ვინ დაინიშნება მოსკოვის მერის თანამდებობაზე. ოლგა კრიშტანოვსკაია აღნიშნავს, რომ ბევრად უფრო ადვილია იმის განსაზღვრა თუ ვინ არ დაინიშნება ამ თანამდებობაზე. „შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ კანდიდატების სიაში ლუჟკოვის გუნდის არცერთი წევრი არ იქნება. ძალიან მეეჭვება, რომ სიაში ვინმე სანქტ-პეტერბურგელი აღმოჩნდეს რადგან ორ დედაქალაქს შორის ისტორიულად პაექრობა შეინიშნება,“ აღნიშნა კრიშტანოვსკაიამ.

გლებ პავლოვსკის აზრით კი, ახალი მერის დანიშნვნა გაჭიანურდა იმის გამო, რომ მერის მოხსნასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა თავის თავზე პრეზიდენტმა აიღო. მას მიაჩნია, რომ მოსკოვის ახალი მერი „იქნება ადამიანი, რომელიც პრეზიდენტ მედვედევის ქვეყნის მოდერნიზაციისკენ მიმართულ პოლიტიკას გაიზიარებს.“

ოლგა კრიშტანოვსკაის მიაჩნია, რომ იური ლუჟკოვის სკანდალურმა წასვლამ „ედინაია როსიას“ რეპუტაციაზე დიდი გავლენა არ მოახდინა. მისი თქმით: „თუ სისტემაში კორუმპირებული ადამიანი აღმოჩნდა და მას სისტემიდან აგდებენ - ეს, როგორც წესი, ორგანიზაციის განმტკიცებას უწყობს ხელს და არა მის დასუსტებას.“

პავლოვსკის მონაცემებით, რომელიც ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობა, ლუჟკოვის მერობის დროს მოსკოვის ბანკებში გათეთრებული ფულის რაოდენობა ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსი დასძენს, რომ ლუჟკოვმა რუსეთის დედაქალაქში ძალაუფლების ფეოდალური სტრუქტურა შექმნა, რომელიც მთლიანად კორუფციაზე იყო დაფუძნებული.

ორივე ექსპერტს მიაჩნია, რომ იური ლუჟკოვის საქმიანობის დეტალური კრიმინალური გამოძიება აუცილებელია. სხვაგვარად ხალხის ნდობა პრეზიდენტის მიმართ შესუსტდება.

XS
SM
MD
LG