ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველ იუნკერთა პირველი ნაკადი 94 წლის შემდეგ


ქართველი იუნკრები

94 წლიანი წყვეტის შემდეგ, ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ, „ქართული სამხედრო აზროვნების სამჭედლომ“, როგორც მას თავის დროზე, აკადემიის წინამორბედის, იუნკერთა სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, გენერალ-მაიორი გიორგი კვინიტაძე უწოდებდა, 105 იუნკერი გამოუშვა,ანუ, საქართველოს არმიას 105 ახალი ოფიცერი შემატა.

გორში, იუნკერთა ახალმა ნაკადმა, ოთხწლიანი სასწავლო კურსის დასრულება, ტრადიციულად, ცაში ქუდების სროლით აღნიშნა. 2011 წელს, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე, 147 ახალგაზრდა ჩაირიცხა, აქედან, აკადემიაში სწავლა 134-მა განაგრძო და კურსი, საბოლოოდ, 105-მა იუნკერმა დაასრულა.

მას შემდეგ, რაც იუნკრებმა, გორში, უმაღლესი სამხედრო სასწავლების სამწყობრო მოედანზე ღვთისა და სამშობლოს წინაშე ფიცი დადეს, მათ ავტომატურად მიენიჭათ - საქართველოს არმიის ლეიტენანტის წოდება. იუნკრების პირველი გამოშვების პატივსაცემად, სპეციალურად მოწვეულმა, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ორკესტრმა დაუკრა. კურსდამთავრებულთა შორის იყო კასპელი იუნკერი თემურ შეშაბერიძე, რომელმაც კერძოდ აღნიშნა:

„ვისაც კი წვლილი მიუძღვის ძველს ოფიცრებად ჩამოყალიბებაში მადლობას გადავუხდი. ეს ოთხი წელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. იმედი მაქვს, რომ აქ შეძენილ გამოცდილებას, ჩემი სამშობლოს სიძლიერეს მოვახმარ. ვეცდები, რომ მომავალში უფრო მეტი ვისწავლო და უფრო გამოვადგე ჩვენს ჯარს და ქვეყანას.“

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას 150 წლის ისტორია აქვს. მისი პირველი წინამორბედი იყო, ტიფლისის ქვეით-იუნკერთა სასწავლებელი, რომელიც კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ რომანოვის ბრძანებით, 1866 წლის 16 იანვარს, მიხაილოვის, დღევანდელი აღმაშენებლის პროსპექტზე დაარსდა.

თავდაპირველად სწავლა ორწლიანი, 1901 წლიდან კი სამწლიანი გახდა. 1897 წლიდან, სურამის ტერიტორიაზე, მათ სასწავლო ბანაკიც ჰქონდათ. ამ პერიოდის ცნობილი, ეროვნებით ქართველი კურსდამთავრებულებიდან, აღსანიშნავია: გენერალ მაიორი, რუსეთ-იაპონიის ომის გმირი იასონ ახვლედიანი, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი ანდღულაძე, გენერალი არტემ ჯიჯიხია, გენერალ-მაიორი ტარას ვაშაკიძე და გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, რომელიც მოგვიანებით, პირველი ქართული რესპუბლიკის, შეიარაღებული ძალების, გენერალური შტაბის უფროსი და პოლონეთის არმიისდივიზიის გენერალი გახდა.

1914 წლის ნოემბერში, სასწავლებელი მოინახულა რუსეთის უკანასკნელმა იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ. 1917 წლის წითელი რევოლუციის შემდეგ, მოსკოვში გამოიცა, ტიფლისის იუნკერთა სასწავლებლის დახურვის ბრძანება, თუმცა სასწავლებელის ადმინისტრაცია ამ ბრძანებას არ დაემორჩილა.

1918 წლის 26 მაისიდან, სამხედრო სასწავლებელი დამოუკიდებელი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ გადავიდა. ქართულ ყაიდაზე იუნკერთა სკოლა 1919 წლიდან გადაკეთდა. რეფორმას გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილთან ერთად, გენერალ-მაიორი გიორგი კვინიტაძე ხელმძღვანელობდა.

კვინიტაძე სასწავლებელის უფროსიც იყო და პედაგოგიც, იუნკრებს სამხედრო ისტორიას ასწავლიდა. ქართულ სამხედრო იუნკერთა სკოლაში სწავლა ორწლიანი იყო და აქ ხუთი სამხედრო სპეციალობა ისწავლებოდა. მას შემდეგ, რაც კვინიტაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი გახდა, სასწავლებელი პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ ჩაიბარა.

1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრის შემდეგ, სწორედ პოლკოვნიკი ჩხეიძე მეთაურობდა ქართველ იუნკრებს კოჯრის სისხლისმღვრელ ბრძოლებში. 17 თებერვალს, 148 იუნკერმა, დილის 5 საათზე დატოვა თბილისი და საბრძოლო პოზიციები კოჯორი-ტაბახმელას მიდამოებში დაიკავა.იუნკრებმა რუსებთან ბრძოლაში საოცარი თავდადება აჩვენეს, 9 თანამებრძოლი დაკარგეს, 42 კი დაეჭრეთ.

კოჯრის პოზიციები იუნკრებმა მხლოდ 24 თებერვალს დატოვეს.შემდეგ ბათუმისკენ მიმავალი სამთავრობო მატარებლის დაცვა დაევალათ. სწორედ ბათუმის გავლით დატოვა იუნკრების დიდმა ნაწილმა საქართველო. მოგვიანებით, ისინი, საფრანგეთის, საბერძნეთის, პოლონეთისა და თურქეთის სამხედრო სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

თუ, პირველი თაობის იუნკრებმა საზღვარგარეთ მიღებული განათლება მთლიანად უცხოეთის ქვეყნებს მოახმარეს, იუნკრების ახალი გამოშვება საქართველოს არმიის სიძლიერისთვის იღვაწებს. გორში იუნკერთა ფიცის დადების წინ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრძანა

„სწორედ აქ სულ რამოდენიმე კილომეტრში მტრისგან, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთის დროშები დავინახოთ, ჩვენ ვსწავლობთ! ვცდილობთ, ვიყოთ საუკეთესონი! ვცდილობთ, მტერს ვაჯობოთ იმით რაც საუკუნეების განმავლობაში გამოგვარჩევდა.

ჩვენი ძალა სწორედ განათლებაშია. ჩვენი უპირატესობა სწორედ ინტელექტუალურ უპირატესობაშია. ვერ ვაჯობებთ 100 000 მტრის არმიას, ვერ ვაჯობებთ რაოდენობით, მაგრამ უნდა ვაჯობოთ, ამ აკადემიით, განათლების კერებით, მომავალი განათლებული იუნკრებითა და ოფიცრებით.“

1921 წლის თებერვლის ბოლოს, რუსული ოკუპაციის დროს, როცა პირველი თაობის ქართველი იუნკრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, ტიფლისში, იუნკრების სკოლაში, ბაქოს წითელ კურსანტთა რაზმი შეიჭრა. მოგვიანებით, სასწავლებლის ბაზაზე, მუშურ-გლეხური წითელი არმიის საარტილერიო კურსები გაიხსნა. უფრო გვიან კი თბილისის საარტილერიო სასწავლებელი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1993 წლის 1 სექტემბერს, აქ, უკვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც ოფიცრების პირველი ნაკადი 1997 წელს გამოუშვა.

2003 წლიდან, სასწავლებელს უკვე თავდაცვის ეროვნული აკადემია ჰქვია და იგი დავით აღმაშენებლის სახელობისაა. 2009 წლიდან, აკადემია თბილისიდან გორში გადავიდა, მალევე დაიწყო მასშტაბური რეფორმირების პროცესი, შეიქმნასაბაკალავრო, კაპიტნის საკარიერო, სამეთაურო-საშტაბო, უმცროს, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის, სამედიცინო სფეროს ოფიცერთა ძირითადი მომზადების სკოლები; ასევე, ენობრივი მომზადებისა და თავდაცვის უმაღლესი სკოლა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წლებში, თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტებს: მსმენელი და კურსანტი ერქვათ, თუმცა, 2013 წელს, კანონში ცვლილების შემდეგ, ერთ-ერთ უძველეს ქართულ სამხედრო სასწავლებელში, ისტორიული სახელი - იუნკერი დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG