ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2018 წლის საინტერესო მოვლენები მეცნიერებაში


გენეტიკოსი ალისონ ენენამი კლონირების შედეგად გამოყვანილ ურქო ძროხებთან
გენეტიკოსი ალისონ ენენამი კლონირების შედეგად გამოყვანილ ურქო ძროხებთან

ქიმიური იერიშებით დაწყებული, კლონირებით და გიგანტური შავი ხვრელებით დამთავრებული, 2018 წელი მეცნიერებისთვის სავსე იყო საინტერესო აღმოჩენებით. ერთად გადავავლოთ თვალი გასული წლის რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას მეცნიერებაში.

პატარა ბრიტანული ქალაქი სალისბური 2018 წელს ყველას პირზე ეკერა. ამ ქალაქით გაიცნო მსოფლიოს დიდმა ნაწილმა რუსული ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“, რომლითაც რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. იყო მსხვერპლიც.

„ნერვული სისტემა ფაქტობრივად ფეთქდება. არანორმალური სიმპტომები აქვს, ერთდროულად დამბლაც და კრუნჩხვებიც“ - ამბობს პროფესორი ანდრეა სელა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.

ლონდონი ეჭვმიტანილებად რუს აგენტებს თვლის. მათ ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის შვილთან ერთად მოწამვლა სურდათ. ინციდენტმა კიდევ უფრო დაძაბა რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთან.

2018 წელი შეიძლება ითქვს, რომ გენეტიკური ინჟინერიის წელი იყო. მიმართულებას საფუძველი ადრე ჩაეყარა, 1997 წელს ცხვარ დოლის გამოჩენით. წელს კლონირება რამდენიმე სხვა ცხოველის სახეობაზე ჩატარდა: ღორებზე, ძაღლებზე, ჯორებზე და მაიმუნებზე.

გენის რედაქტირების, გენმოდიფიცირების ახალი ტექნოლოგია ურქო ძროხების ჯიშის გამოსაყვანადაც წარმატებით გამოიყენეს. ალისონ ვან ენენამის განმარტებით, „სარძევე ჯიშს, როგორიცაა ჰოლშტეინი, რქები ხელს უშლის. ეს სახიფათოა როგორც მომვლელებისთვის, ასევე სხვა ძროხებისთვის“.

მეცნიერებმა პარაზიტი კრაზანების უცნაური ქცევა დააფიქსირეს და ახსნეს. თურმე კრაზანები 30 მილიონი წლის წინაც, ბრინჯის ზომის კვერცხებს სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის ზედაპირზე დებდნენ, რითაც ისინი შემდეგ, ზრდისას, იკვებებოდნენ.

„ისინი მასპინძელი ორგანიზმის პარალიზებას ან მაშინათვე იწვევდნენ, ან ჯერ მათი სხეულის შიგნით ზრდას აგრძელებდნენ, სანამ, საბოლოო ჯამში, მასპინძელს მაინც ბოლოს არ მოუღებდნენ“ - ამბობს ენდრიუ პოლაზეკი, ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან.

ადამიანებმა ბუნების კიდევ ერთი უცნაური მოვლენა აიხსნეს: ის, თუ როგორ ვრცელდება ჰაერში ასე კარგად ბაბუაწვერას თმები. მეცნიერები ახლა ამ ინფორმაციას მიკრო საფრენი ობიექტების შესაქმნელად იყენებენ, რომელიც ქარის დინებებსაც ეფექტურად და ხანგრძლივად გაუძლებს.

და ბოლოს: ჩილეში დაყენებული ძალიან დიდი ტელესკოპის საშუალებით, ასტრონომებს მცირე ზომის ვარსკვლავზე დაკვირვების საშუალება მიეცათ. მან შავ ხვრელს ახლოს ჩაუარა და კარგად გამოჩნდა, ვარსკვლავის ნათების შეფერხება და დეფორმაცია შავი ხვრელის უძლიერესი მიზიდულობის ძალის გამო.

დაკვირვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აინშტაინის ფარდობითობის თეორიის სისწორე. სამყაროში ისეთი ფუნდამენტური სიდიდეებიც კი, როგორიცაა მანძილი და დრო, ფარდობითია და მასზე მიზიდულობის ძალას დიდი გავლენა აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG