ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილთა დაცვას საფრთხე ემუქრება


დევნილთა დაცვას საფრთხე ემუქრება

ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი გაეროში, ანტონიო გუტიერესი, სახელმწიფოთა მეთაურებს მოუწოდებს ომს, დევნას და დაგიჭრვებას გამოქცეული ხალხისთვის საზღვრები გახსნან და დევნილები შეიფარონ. ის აცხადებს, რომ ძალზე შეშფოთებულია უცხოელთა წინააღმდეგ მიმართული განწყობები, რომელიც უკანასკნელ ხანს განსაკუთრებით იგრძნობა. და ეს ხდება მაშინ, როცა ლტოლვილთა გამო შექმნილი კრიზისული სიტუაციები მსოფლიოში უჩვეულოდ მომრავლდა - ამბობს ის.

უმაღლესმა კომისარმა მოხსენება ჟენევაში გაეროს ყოველწლიურ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ლტოლვილთა თემას ეძღვნება. წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 1951 წელს მიღებული კონვენციის 60 წლისთავს აღნიშნავს. დოკუმენტმა დევნილთა სტატუსი, მათი დაცვის უფლებები და ლტოლვილთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებები განსაზღვრა.

ბატონი გუტიერესის თქმით 2010 წელს მხოლოდ სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკა 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. კიდევ ასობით ათასი ადამიანი ქვეყნის შიგნით იქცა დევნილად. სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში არჩევნების გამო მომხდარ არეულობას ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მომხდარი დრამატული მოვლენები მოჰყვა. ასობით ათასი მოქალაქე ძალადობის და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო იძულებული იყო სახლ-კარი დაეტოვებინა. მოგვიანებით ტუნისში, ეგვიპტე და ლიბიაში მომხდარ ამბოხს არაბული გაზაფხული დაერქვა.

„გვალვამ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სომალიში მიმდინარე კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა. ქვეყანა 270 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. სხვადასხვა დროს გაქცეულ სომალელ ლტოლვილთა რიცხვმა რეგიონში 900 ათასს მიაღწია. ამას გარდა მილიონნახევარი თვითონ ქვეყნის შიგნით იქცა დევნილად. რაც იმას ნიშნავს, რომ სომალიში მოსახლეობის თითქმის მესამედი იძულებული გახდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა“ - აცხადებს ბატონი გუტიერესი.

უმაღლესი კომისარი აფრიკაში მიმდინარე გვალვებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მისი თქმით ჰუმანიტარული კრიზისი იქ წარმოუდგენელ მასშტაბს აღწევს და ის უკვე 12 მილიონი ადამიანის ცხოვრებას შეეხო.

ანტონიო გუტიერესი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ტუნისის, ეგვიპტის, იტალიის, მალტის, კენიის, ეთიოპიის და იემენის მთავრობებს ლტოლვილების მიმართ გამოჩენილი სიკეთის და გულისხმიერებისთვის. ამ ქვეყნებმა უცხო ქვეყნიდან დევნილთათვის საზღვრები გახსნეს და მათ გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს.

გაეროს უმაღლესი კომისარი იქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ წელს მსოფლიოს ხალხებში განსაკუთრებით გაიზარდა რასიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის შემთხვევები.

„ჯერ კიდევ მიმდინარე მღელვარების პერიოდში განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიში და შეუწყნარებლობა შემაშფოთებლად იზრდება. უცხოელთა მიმართ მტრულმა განწყობებმა ძლიერ იმატა. ლტოლვილთა სიცოცხლეს და კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება. ეს შემთხვევები ადამიანთა ღირსების პატივისცემის საყოველთაოდ მიღებულ ფასეულობებს ძირს უთხრის“ - აღნიშნავს ბატონი გუტიერესი.

ის ეთანხმება სახელმწიფოთა მეთაურებს, რომლებიც უსაფრთხოების გაზრდილ ზომებს იღებენ. მათი ზრუნვა საკუთარი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური დაცვისთვის ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, ამბობს გაეროს კომისარი. მაგრამ ისინი მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ ეს იძულებით გადაადგილებულთა უფლებების დაცვის ხარჯზე არ მოხდეს და შედეგად კონკრეტულ ქვეყნებში ანტი-იმიგრანტული კანონმდებლობა არ მივიღოთ.

XS
SM
MD
LG