ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ამერიკელი და მსოფლიო ლიდერები აკრიტიკებენ


დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებას გამოეყოს, მსოფლიო ლიდერებში იმედგაცრუება და კრიტიკა გამოიწვია.

საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე განაცხადა, რომ, მისი აზრით, ტრამპმა “ისტორიული შეცდომა” დაუშვა. იმავე მიმართვაში მაკრონმა ამერიკელი მეცნიერები საფრანგეთში “კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად მიიწვია.”

პარიზის შეთანხმებას “კვანტური ნახტომი” უწოდა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა: “ეს გადაწყვეტილება ვერ შეგვაჩერებს მათ, ვინც ვგრძობთ პასუხისმგებლობას ჩვენი პლანეტის დასაცავად. მივმართავ ყველას, ვისთვისაც ჩვენი პლანეტის მომავალი მნიშვნელოვანია - გავაგრძელოთ ეს გზა, რათა გვქონდეს წარმატებები ჩვენს დედამიწაზე,” განაცხადა მან.

ტრამპის გადაწყვეტილებით უკმაყოფილება გამოხატეს განვითარებადი ქვეყნების ლიდერებმაც, მათ შორის განის პრეზიდენტმა ჯონ დრამანი მაჰამიმ, რომელმაც ტვიტერზე დაწერა: “შეერთებულმა შტატებმა გლობალური მნიშვნელობის საკითხზე ლიდერობა დათმო.”

პრეზიდენტმა ტრამპმა პარიზის შეთანხმების დატოვებაზე განცხადება გუშინ, თეთრ სახლში, გააკეთა. მისი თქმით, ამ შეთანხმების პირობები “დრაკონულ” ტვირთად აწვებოდა ამერიკას და მის დასაქმების ბაზარს. მისივე თქმით, დატოვების გადაწყვეტილება შეთანხმების "ამერიკელი ხალხისადმი უსამართლობის გამო" მიიღო.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, აშშ პარიზის შეთანხმებას გუშინვე გამოეყო, ამ გადაწყვეტილების გახმხოვანებასთან ერთად ტრამპმა ისიც თქვა, რომ მზად არის “პარიზის შეთანხმებისთვის შესაერთებლად მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს.” ამ განცხადების მალევე გამოეხმაურნენ საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის ლიდერები და მოლაპარაკებების შესაძლებლობა მკაცრად უარყვეს.

თეთრი სახლის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად გამოეხმაურნენ როგორც მსოფლიო ლიდერები, ასევე გარემოსდამცველები და ამერიკელი მაღალჩინოსნებიც. დღესვე ათეულობით ქალაქის მერმა და გუბერნატორმა განაცხადა, რომ ადგილობრივ დონეზე პარიზის შეთანხმების ერთგულნი დარჩებიან.

“მე პიტსბურგის მოსახლეობის წარმოსადგენად ამირჩიეს და არა პარიზის,” თქვა ტრამპმა, რომელიც გადაწყვეტილების სისწორის დამტკიცებას ამერიკული ინტერესებით ხსნის. თუმც, როგორც ქალაქის მერი ამბობს, პიტსბურგი, სადაც ამომრჩეველთა 80-მა პროცენტმა ხმა ჰილარი კლინტონს მისცა, პარიზის შეთანხმების პირობებს ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად შეასრულებს.

“ამერიკის ლიდერობის გარეშეც, მაშინაც კი თუ შეერთებული შტატები რამდენიმე ქვეყანასთან ერთად უარყოფს ჩვენს მომავალს, მე მწამს, რომ ჩვენი შტატები, ქალაქები და ბიზნესები ხმას აიმაღლებენ და მომავალი თაობებისთვის ამ პლანეტის დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ,” ასე გამოეხმაურა შეთანხმების დატოვებას ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

რიჩარდ დი ნატალე, ავსტრალიის მწვანეთა პარტია: “ამ გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპი აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები გლობალურ ლიდერობაზე უარს ამბობს”

კოიჩი იამამოტო, იაპონიის გარემოსდაცვის მინისტრი “ამით ზურგი შეაქციეს კაცობრიობის სიბრძნეს. იმედგაცრუებულთან ერთად გაბრაზებულიც ვარ.”

2015 წელს პარიზის ისტორიულ შეთანხმებას 200 ქვეყანა შეუერთდა. კლიმატის ცვლილებების და მისი შედეგების შესაჩერებლად მაშინ ლიდერები გაზების ემისიების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები ნიკარაგუას და სირიას უერთდება, აქამდე პარიზის შეთანხმებას მხოლოდ ეს ორი ქვეყანა არ შეერთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG