ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უილიამ ბარი, ამერიკის ახალი და თან ყოფილი გენერალური პროკურორი


შეერთებულ შტატებს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს, 68 წლის რესპუბლიკელი იურისტი - უილიამ ბარი. ერთი საათის წინ, შეერთებული შტატების სენატში დამტკიცების შემდეგ, მან ეს თანამდებობა უკვე მეორედ დაიკავა. ბარი ჯერ ქვეყნის რიგით 77-ე და ახლა ამერიკის 85-ე გენერალური პროკურორი გახდა. თავდაპირველად, პოსტზე მან პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსი) ადმინისტრაციაში იმსახურა.

ბიოგრაფია და წარმატებული კარიერა

უილიამ ბარი ქალაქ ნიუ-იორკში დაიბადა და გაიზარდა, პროფესორების ოჯახში. მისი მშობლები კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდნენ. თავადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა და ჯერ ბაკალავრის (1971), შემდეგ მაგისტრის (1973) დიპლომი აიღო. იურისტის ხარისხი მას ვაშინგტონში გადასცეს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, რომელიც 1977 წელს უმაღლესი წარჩინებით დაასრულა.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ბარი დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში მუშაობდა. შემდეგ იყო ადვოკატი ვაშინგტონის ერთ-ერთ სააპელაციო სასამართლოში. 1982 წელს პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციაში ლეგალური პოლიტიკის დირექტორის მოადგილის თანაშემწე გახდა და 32 წლის ასაკში, თეთრ სახლში წელიწადნახევარი იმუშავა.

ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, ბარმა დაახლოებით 9 წელი კერძო სექტორში, ვაშინგტონის ერთ-ერთ საადვოკატო ფირმაშიც დაჰყო. თუმცა, პერიოდულად მთავრობაშიც ბრუნდებოდა. 1989 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ის იუსტიციის დეპარტამენტში, გენერალური პროკურორის თანაშემწედ, შემდეგ კი 1990 წელს, მის მოადგილედ დანიშნა. 1991 წელს ბარი უკვე გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა. სულ რამდენიმე კვირაში, პრეზიდენტმა ბუშმა ის პოსტზე დასამტკიცებლად კონგრესს წარუდგინა. უილიამ ბარმა გენერალური პროკურორის ფიცი 1991 წლის 26 ნოემბერს დადო და ამ პოსტზე 1994 წლამდე იმსახურა.

1994-2008 წლებში ბარს ერთ-ერთი კერძო კორპორაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. დღეს მისი სახელი „ჯი-თი-ი“ შეიძლება ბევრისმთქმელი არ ჩანდეს, მაგრამ სწორედ ამ კომპანიის „ბელ-ატლანტიკთან“ შერწყმის შემდეგ შეიქმნა კომპანია „ვერაიზონის კომუნიკაციები“, რომელიც დღეს შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონგლომერატია. მასში შედის საკაბელო ტელევიზია, მობილური ტელეფონები, ციფრული ტელევიზია და ა. შ. ის მეორე ყველაზე დიდი ტელეკომუნიკაციების კომპანიაა ამერიკაში „ეი-თი-ენდ-თის“ შემდეგ. მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია კი მობილური ტელეფონების ყველაზე დიდი ფირმაა შეერთებულ შტატებში. 2008 წელს ბარი პენსიაზე გავიდა და დღემდე კონსულტანტად მუშაობდა.

2019 წელი: კონგრესში დამტკიცების პროცესი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უილიამ ბარის კანდიდატურა გენერალური პროკურორის პოსტზე 7 დეკემბერს დაასახელა. ბარი 2018 წლის არჩევნების შემდეგ განახლებული სენატის მოსმენაზე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მიიწვიეს. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ, სენატის იურიდიულ კომიტეტში გამართულ სხდომაზე, ბარს პასუხის გაცემა უამრავ კრიტიკულ კითხვაზე მოუწია.

დემოკრატ კანონმდებლებს განსაკუთრებით აშფოთებდათ მისი ბიოგრაფიის რამდენიმე მომენტი. მათ შორის, აინტერესებდათ კანდიდატის შეხედულება პრეზიდენტის აღმასრულებელ ძალაუფლებაზე. ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში არსებობს შიში, რომ პრეზიდენტმა შეიძლება დახუროს ე.წ. რუსეთის გამოძიება, რომელსაც უძღვება სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი. მალერი 2016 წელს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის რუსეთის ხელისუფლებასთან სავარაუდო გარიგებას იძიებს.

2017 წლის მაისში ბარმა განაცხადა, რომ ტრამპი სწორად მოიქცა, როცა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაუშვა. შემდეგ, იმავე წლის ივლისში, ბარმა „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ მალერს თავის გუნდში მეტი იდეოლოგიური ბალანსი სჭირდება. ნოემბერში „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში ბარმა თქვა, რომ გაცილებით მეტი მიზეზი არსებობს იმის, რომ გამოძიებულ იქნას ჰილარი კლინტონის როლი 2010 წლის გარიგებაში, ვიდრე ტრამპის კამპანიის რუსეთთან შეთქმულების.

თუმცა, სენატის იურიდიულ კომიტეტში გამართულმა მოსმენამ შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა. აშკარად ჩანდა, რომ დემოკრატები დააკმაყოფილა ბარის კომენტარებმა რუსეთის, იგივე მალერის გამოძიებასთან დაკავშირებით და სხვა წინააღმდეგობრივ საკითხებზე. გენერალური პროკურორობის კანდიდატმა კანონმდებლებს პარტიული მიუკერძოებლობის პირობა და პრეზიდენტის ზეწოლისგან სრული დამოუკიდებლობის გარანტია მისცა. უილიამ ბარის თქმით, მას „ვერ დააბულინგებენ“.

როცა უილიამ ბარს ტრამპის ცნობილი გამონათქვამებით დაუპირისპირდნენ, სადაც ის მალერის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს, კანდიდატმა თქვა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, რომ რობერტ მალერი „კუდიანებზე ნადირობაში“ იყოს ჩართული. ბარი აცხადებს, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და შედეგები შეძლებისდაგვარად საჯარო გახდეს. 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით, ბარმა განაცხადა: „ვფიქრობ, რუსებმა სცადეს არჩევნებზე ჩარევა და მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ საქმეს ფსკერამდე უნდა ჩავყვეთ“.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის კითხვაზე, თუ აქვს პრეზიდენტ ტრამპს იმის უფლება, რომ ფედერალური ფონდები თავად გამოყოს მექსიკასთან სასაზღვრო კედლის ასაშენებლად, ბარმა გაურკვეველი პასუხი გასცა: „საქმეში ჩახედვის გარეშე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია“ - თქვა მან. თუმცა, მოგვიანებით, მთავრობის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უილიამ ბარმა ასე უპასუხა: „ვისურვებდი შეთანხმების მიღწევას, რომელშიც კონგრესი აღიარებს, რომ საზღვრის უსაფრთხოება სრულ აუცილებლობას წარმოადგენს და ვფიქრობ, ელემენტარულია ის, რომ საზღვრის უსაფრთხოება ბარიერებსაც მოიცავს“.

ოჯახი და ჰობი

ბარი 45 წელზე მეტია, ქორწინებაში იმყოფება. მის მეუღლეს, ქრისტინ ბარს ბაკალავრის დიპლომი ინგლისურ ენაში აქვს აღებული, მაგისტრის კი - ბიბლიოთეკის მეცნიერებაში. ისინი ძალიან ახალგაზრდები დაქორწინდნენ, 1973 წელს, როცა უილიამი მხოლოდ 23 წლის იყო და შეიძლება ითქვას, რომ მან კარიერა ცოლთან ერთად დაიწყო.

ქრისტინ ბარი ბიბლიოთეკარია და წლების მანძილზე მერილენდის შტატის ქალაქ ბეტესდაში მუშაობდა. ის ასევე იყო თავისი პირველი კოლეჯის, მაუნთ სენტ ვინსენტის მმართველი საბჭოს წევრი და მოხალისედ მუშაობდა ქალებზე ძალადობასთან მებრძოლი ორგანიზაციის კომიტეტში.

ბარებს სამი ქალიშვილი ჰყავთ და სამივე იურისტია. უილიამ ბარზე ადრე, ტრამპის ადმინისტრაციას მისი ერთ-ერთი შვილი, 40 წლის მარი დეილი შეუერთდა. ის იუსტიციის დეპარტამენტში ოპიოიდებზე მომუშავე განყოფილების დირექტორია. „ვაშინგტონ პოსტი“ სენატში გამართულ მოსმენამდე წერდა, რომ პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, მარი დეილი თანამდებობაზე ისეთ ორგანიზაციაში აღმოჩნდება, რომელსაც მამამისი მართავს, თუნდაც მისი არაპირდაპირი უფროსი იყოს. მარი დეილი ყოფილი ფედერალური პროკურორია. ის 13 წლის მანძილზე მაფიასთან და ნარკო-მოვაჭრეებთან ბრძოლაში იყო ჩართული.

უილიამ ბარს ერთი არც ისე ტრადიციული ჰობი აქვს, რომელსაც 8 წლის ასაკიდან არ ღალატობს. მას ძალიან უყვარს შოტლანდიურ სტვირზე დაკვრა. შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ამ საქმეშიც ძალიან წარმატებული იყო. ის ერთხანს ვაშინგტონის მესტვირეთა გუნდში უკრავდა და ამერიკის ერთ-ერთ წამყვან ორკესტრთან ერთად, გასტროლებზე შოტლანდიაშიც არის ნამყოფი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG