ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი "ვიკიპედიისგან" უკრაინაში წარმოებულ ომზე ინფორმაციის წაშლას მოითხოვს


ვებგვერდი „ვიკიპედიის“ მფლობელი ორგანიზაცია “ვიკიმედია ფონდი“ მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება ასაჩივრებს. მოსკოვის სასამართლო მოითხოვს, რომ „ვიკიმედიამ“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ინფორმაცია წაშალოს, ფონდი კი აცხადებს, რომ ხალხს აქვს უფლება ომის ფაქტების შესახებ იცოდეს.

მოსკოვის სასამართლომ „ვიკიმედია ფონდი“ 5 მილიონი რუბლით (დაახლოებით, $88 000) დააჯარიმა იმის გამო, რომ კომპანიამ უარი თქვა წაეშალა „ვიკიპედიის“ რუსულენოვან მასალებში უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ფრაზებში, რომლებიც რუსეთის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, შედის „რუსეთის უკრაინაში შეჭრა“, „რუსული ომის დანაშაულები უკრაინაში შეჭრის დროს“ და „ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში“. რუსეთი ამ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

„ვიკიმედია ფონდის“ მთავარი იურიდიული კონსულტანტის თანაშემწემ, სტივენ ლაპორტმა განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ „ვიკიპედიაზე“ არსებული, საიმედოდ მოპოვებული, შემოწმებული ცოდნა, რომელიც რუსული მთავრობის ვერსიას არ ეთანხმება, დეზინფორმაციის ტოლფასია. მთავრობის სამიზნეა ინფორმაცია, რომელსაც კრიზისის დროს, ადამიანების ცხოვრებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სასამართლოს მოვუწოდებთ გადაწყვეტილებას გადახედოს ყველა ადამიანის უფლების სასარგებლოდ, ჰქონდეთ წვდომა ცოდნაზე და თავისუფალ გამოხატვაზე“.

„ვიკიპედია“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე, შემოწმებულ ფაქტებიანი რუსულენოვანი დიდი საინფორმაციო წყაროებიდან, რომელიც რუსებს მოსკოვში მედიის ჩახშობის შემდეგ დარჩა.

მოსკოვის სასამართლო ამტკიცებდა, რომ ის, რასაც თვითონ "ვიკიპედიაზე" არსებულ დეზინფორმაციას უწოდებს, რუსეთში საზოგადოებრივ წესრიგს რისკს უქმნის და ფონდი, რომლის შტაბ-ბინა სან-ფრანცისკოშია, რუსეთის შიგნით მუშაობდა.

ფონდის წინააღმდეგ სასამართლო დევნა მოხდა იმ კანონის საფუძველზე, რომელიც აკრძალული ინფორმაციის წაუშლელობას ეხება. საქმე „როსკომნადზორის“ მხრიდან აღიძრა, რომელსაც კომენტარის თხოვნაზე ჯერ პასუხი არ გაუცია.

„ვიკიმედიის“ აპელაციაში ნათქვამია, რომ ინფორმაციის წაშლა ადამიანის უფლებების დარღვევაა და რუსეთის იურისდიქცია არ ვრცელდება „ვიკიმედია ფონდზე“, რომელიც გლობალურად 300-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი.

XS
SM
MD
LG