ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ ატარებენ რეფერენდუმს ცხინვალში?


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

საქართველოს პრემიერ მინისტრი თავის დღევანდელ გამოსვლაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ასახელებს. ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარეობს ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს ახლობელ ოჯახებს, არ აძლევს მათ ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლების უფლებით, სადაც გადაადგილების შესაძლებლობა ასევე არ ეძლევა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს. საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი .. ბორდერიზაციაა, კერძოდ კი, რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე აღმართული ხელოვნური დაბრკოლებები, რომლებიც ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან მიმოსვლის, კერძო საკუთრების, საოჯახო საქმეების წარმართვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა სამოქალაქო თუ ეკონომიკურ უფლებებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხი, ეს არის ის, რომ ევროპის საბჭოს ხელი არ მიუწვდება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებთან. მიუხედავად გაწეული ძალისხმევისა, ადამიანის უფლებათა კომისარსა და ევროპის საბჭოს არ მიეცათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება. გარდა ამისა, ჩვენ აღშფოთებული ვართ ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმის გამო, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. ეს მოვლენები არა მარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, დიდი ალბათობით, სავალალო შედეგებსაც მოუტანს ისედაც არასტაბილურ სამხრეთ კავკასიის რეგიონს.

რეფერენდუმის გამართვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გააჟღერა. რეფერენდუმის შედეგებმა უნდა აჩვენოს თანახმაა თუ არა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მიუერთდეს რუსეთის ფედერაციას. წლევანდელი სარეფერენდუმო ვითარება ცხინვალში განსხვავებული იმითაცაა, რომ ახლა რუსეთი უკვე ცნობს სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას. ეს მოცემულობა წინა რეფერენდუმების დროს არ არსებობდა. ამერიკის ხმასთან საუბრისას კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი აღნიშნავს, რომ რეფერენდუმის საკითხი ცხინვალის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგის ფარგლებს და შიდა ინტრიგებს არ გასცდება. საფრთხეები არსებობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში, პოლიტიკური საფრთხეები, რა თქმა უნდა, არ იზრდება. ანალოგიური რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთში ორჯერაა ჩატარებული. რუსეთი იმდენად აკონტროლებს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას სამხრეთ ოსეთში, რომ მისი სურვილიდან გამომდინარე, ცხინვალში მიაღებინებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. აქ, უბრალოდ, ცუდი მომენტია ის, რომ მოსახლეობის მობილიზება ხდება შემდეგი მიმართულებით: „ჩვენ არ შეგვიძლია არსებობა დამოუკიდებლად, რომ განვსაზღვროთ ქართველებთან გვინდა ურთიერთობა, ევროკავშირთან, რუსეთთან თუ სხვა. ანუ, რუსეთის გარეშე არაფრის გადაწვეტის უნარი არ გვაქვს“. ასეთი მიდგომა გარკვეულ დეპრესიულ და უიმედო განწყობებს თესავს საზოგადოებაში. მოკლედ, ეს რეფერენდუმი ცალსახად შიდა პოლიტიკური მოხმარების არის. თავის დროზე, ბიბილოვმა გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებზე, მისი მთავარი ლოზუნგი სწორედ რუსეთთან შეერთება იყო. ახლა, დღეს, ანალოგიური ინიციატივის წინსწრება უნდა თიბილოვს. იგი გამოდის ამის მთავარ ინიციატორად. მან კარგად იცის მოსახლეობის განწყობა და ცდილობს ეს გამოიყენოს თავის სასარგებლოდ მომავალი არჩევნებისთვის.“

ამერიკის ხმა ახალგორში მცხოვრებ თამარ მეარაყიშვილსაც ესაუბრა. ახალგორში რეფერენდუმი წელს პირველად უნდა ჩატარდეს, რადგან პირველი და მეორე რეფერენდუმების დროს, 1992 და 2006 წლებში ეს ტერიტორია ჯერ კიდევ არ ეკუთვნოდა დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთს. თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორში მოსახლეობა რეფერენდუმის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან აქ არც ცხინვალის ტელევიზია მაუწყებლობს და არც რადიო. „დღეს უკვე ახალ, რიგით მესამე რეფერენდუმზეა საუბარი. მიუხედავად, იმისა, რომ რვა წელია ერთად ვცხოვრობთ და მათი, ანუ ცხინვალის ყველაფერი ვრცელდება ჩვენს რაიონზე, აქ, ალბათ ათიდან ერთს თუ ექნება ინფორმაცია და ერთმა თუ იცის, რა რეფერენდუმი ტარდება და საერთოდ, რას ემსახურება ეს ყველაფერი“.

რეფერენდუმის გამართვის კონკრეტული თარიღი ცხინვალის დეფაქტო ადმინისტრაციას ჯერ არ დაუსახელებია. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ის ზაფხულის ბოლომდე უნდა გაიმართოს. თიბილოვმა წამოყენებული იდეის ფორმულირება რამდენჯერმე შეცვალა და რეფერენდუმის საკითხი კონსტიტუციის ცვლილებების თემას მიაბა. ზოგადად, უნაკასკნელ პერიოდში წარმოყენებულ ამ იდეზე საავტორო უფლება პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერს ანატოლი ბიბილოვს ეკუთვნის, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდოდ, თიბილოვის კონკურენტი იქნება.

XS
SM
MD
LG