ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს


ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გლობალურად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გაეროს ჯანდაცვის უწყების გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, განცხადება გააკეთა საგანგებო ვითარების შესახებ, კომიტეტში დღეს გამართული თათბირის შემდეგ. კომიტეტი 16 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება.

კორონავირუსი ამ ეტაპზე 18 ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა სიკვდილის შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში აღირიცხა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჟენევაში მოწყობილ პრესკონფერენციაზე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვირუსის უპრეცედენტო აფეთქებაზე რეაქციაც უპრეცედენტო იყო.

"მინდა გარკვევით ვთქვა, რომ ეს არ ნიშნავს ჩინეთისადმი უნდობლობის გამოხატვას" - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. "ჩვენი უდიდესი შეშფოთების საგანია ვირუსის პოტენციალი, გავრცელდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა სუსტია" - ამბობს ის.

ექსპერტთა პანელი ერთი კვირის მანძილზე ორჯერ შეიკრიბა და ორივეჯერ გადაწყდა, რომ საგანგებო ვითარების გამოცხადება ჯერ ნაადრევი იყო. სპეციალისტები ჩინეთიდან დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდნენ იმაზე, რომ ვირუსი დანამდვილებით ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება, და ასევე: ინფიცირებულთა რაოდენობა და ვირუსის გავრცელების სისწრაფე უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის მიერ საგანგებო ვითარების გამოცხადებისთვის დაწესებულ სტანდარტებს.

საგანგებო ვითარების გამოცხადება ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის ამოქმედდება რეკომენდაციების პაკეტი. ამ ნაბიჯის მიზანია, დაავადების შემდგომი გავრცელების პრევენცია და ქვეყნიდან ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მინიმუმზე დაყვანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG