ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსს პანდემიის პოტენციალი აქვს, მაგრამ პანდემია ჯერ არ არის


"აქვს თუ არა ამ ვირუსს პანდემიის პოტენციალი? ნამდვილად აქვს. უკვე? ჩვენი შეფასებით, ჯერ - არა" - განაცხადა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მან ჟენევაში, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე, კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელების მიმართულებით შექმნილი ვითარება შეაფასა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა მუშაობა დღეს დაასრულა. ისინი ჩინეთის რამდენმე პროვინციაში, მათ შორის ვუჰანში იმყოფებოდნენ. გუნდმა შეისწავლა ვირუსის გავრცელების, დაავადების სიმწვავის და მიღებული ზომების ეფექტურობის საკითხები.

საერთაშორისო ჯგუფი ექიმ ბრიუს ეილვარდის მეთაურობით, დასკვნის დეტალებზე საგანგებო ბრიფინგს სამშაბათს გეგმავს. მანამდე, კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა კორონავირუსთან დაკავშირებით, რამდენიმე საინტერესო დეტალზე ისაუბრა.

  • ეპიდემიამ პიკს 23 დეკემბერს და 2 თებერვალს შორის მიაღწია. მას შემდეგ, ვირუსის გავრცელების სიჩქარეში სტაბილურად კლება შეინიშნება
  • სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვუჰანში 2 და 4 პროცენტს შორის მერყეობს, ვუჰანის გარეთ კი 0.7%-ს არ აღემატება
  • ამ ხნის განმავლობაში, ვირუსის დნმ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა
  • საშუალო სიმძიმის ავადმყოფები 2 კვირაში ჯანსაღდებიან, მწვავე და კრიტიკული დაავადების მქონეებს კი 3-დან 6 კვირამდე სჭირდებათ
  • ჩინეთის მიერ გატარებულმა ზომებმა შეაჩერა შემთხვევების მნიშვნელოვნად ზრდა
  • "მთავარი გზავნილი, რაც ყველა ქვეყნისთვის იმედისმომცემი უნდა იყოს": ვირუსის გავრცელების შეჩერება შესაძლებელია

ჯგუფის მიერ შედგენილ ანგარიშს ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი ყველა კითხვაზე. ის სპეციალისტების 22 რეკომენდაციას მოიცავს.

ბოლო მონაცემები კოვიდ-19-ის გლობალურად გავრცელებაზე ასეთია: ჩინეთის გარეთ 28 ქვეყანაში ინფიცირების 2 074 და სიკვდილის 23 შემთხვევა ფიქსირდება. თავად ჩინეთში, იმ მონაცემებზე დაფუძნებით, რასაც პეკინი ავრცელებს, ვირუსით ინფიცირებულია 77 362 და დაღუპულია 2 618 ადამიანი. ბოლო 24 საათის მანძილზე, ჩინეთმა ინფიცირების 416 ახალი შემთხვევა და დაღუპვის 150 ფაქტი აღრიცხა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG