ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი სკანდალის განეიტრალებას ცდილობს


ობამას ადმინისტრაციამ ბენღაზიში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მიმდინარე მიმოწერა საჯარო გახადა

თეთრმა სახლმა 100-გვერდის მოცულობის ელექტრონული წერილები გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად აისახება ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელებს შორის, გასული წლის სექტემბერში მიმდინარე მიმოწერა. წერილების მთავარი თემა ლიბიაში მომხდარი ინციდენტისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემა და საჯარო განმარტებისთვის შესაფერი სიტყვების შერჩევა იყო.

ბენღაზიში 2012 წლის 11 სექტემბერს შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმა მოხდა, რომელშიც ამერიკის ელჩი ლიბიაში, კრის სტივენსი და ამერიკის 3 მოქალაქე დაიღუპა. ინციდენტმა დიპლომატიური სამსახურის უსაფრთხოების სისტემაში არსებული სერიოზული ხარვეზები გამოავლინა. პირველ დღეებში გარკვევით არ ჩანდა, იყო ეს სპონტანური იერიში, თუ წინასწარ დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელ, ჰილარი კლინტონს პირველად შეფასებაში ინციდენტისთვის ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია არ მიუცია, რაც რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა დემოკრატი ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის გაჩაღებისთვის გამოიყენეს.
გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

მე რომ მაშინ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და შემეტყო, რომ თქვენ არ წაიკითხეთ დეპეშა ბენღაზიდან, რომელიც ელჩმა სტივენსმა გამოგიგზავნათ, მე თქვენ თანამდებობიდან გაგათავისუფლებდით. მიმაჩნია, რომ ამის პატიება არ შეიძლება- განუცხადა ჰილარი კლინტონს რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა წლის დასაწყისში შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ მოსმენებზე, რომელიც ბენღაზის თემას შეეხებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არსებულ საფრთხეზე არასწორი რეაგირების გარდა, რესპუბლიკელი კანონმდებლები ობამას ადმინისტრაციას ბრალს დებდნენ იმაში, რომ თავდასხმის შესახებ გავრცელებული ტექსტიდან ამოღებული იყო ტერმინი ტერორისტული საფრთხის არსებობის შესახებ. გავრცელებული წერილებით მართლაც დასტურდება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელმა სპიკერმა, ვიქტორია ნულანდმა ითხოვა პოლიტიკური მოსაზრებით ამოეღოთ ტექსტიდან ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის, ანსარ ალ-შარიას სახელი. ვიქტორია ნულანდი შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ კონგრესის წევრები დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს გაფრთხილებაზე არასწორი რეაგირების გამო სახელმწიფო დეპარტამენტს მკაცრად გააკრიტიკებდნენ. ასევე წაიშალა წინადადება, რომელშიც ნახსენები იყო ბენღაზიში „ისლამისტი ექსტრემისტების ძალადობრივ დემონსტრაციებში მონაწილეობის ნიშნები“.

ეს აბსოლუტურად პოლიტიკურია. ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ არა იმდენად პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, არამედ იმაზე, რაც უფრო მთავარი და არსებითია. ფაქტია ის, რომ 4 ამერიკელი მოკლეს და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის ხალხი, ვინც დამნაშავეა და ისინი განსასჯელთა სკამზე დავსვათ. მეორე, და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ აღმოიფხვრას უსაფრთხოების ის ხარვეზები, რომლებიც მაშინ დანამდვილებით არსებობდა, რათა მსგავსი ფაქტი აღარასოდეს განმეორდეს“ - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯეი კარნიმ.

ობამას ადმინისტრაციის მცდელობამ, მიმოწერის გამოქვეყნების შედეგად როგორმე განეიტრალებულიყო ბენღაზის სკანდალი, არ გაამართლა. კანონმდებლები დამატებით დოკუმენტებს ითხოვენ. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, დერილ ისა მიესალმა ელექტრონული წერილების გამოქვეყნების ფაქტს, თუმცა აღნიშნა, რომ ამერიკელებს აქვთ უფლება უფრო დეტალურად იცოდნენ, თუ რა მოხდა ბენღაზიში და როგორი რეაგირება მოჰყვა ამ ტრაგიკულ ინციდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან.
XS
SM
MD
LG