ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალური საქმეები შეერთებულ შტატებში


პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე ზეწოლა ძლიერდება


შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორს ერიკ ჰოლდერს წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრთა მწვავე კითხვეზე მოუწია პასუხის გაცემა. სკანდალური თემები, „ასოშეიტედ პრესის“ ჟურნალისტთა მოსმენებს და კონსერვატული „ჩაის სმის მოძრაობის“ მიმართ საგადასახადო დარღვევებს შეეხებოდა. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სინდი შეინი იუწყება, ეს კვირა პრეზიდენტ ობამასა და გენერალური პროკურორისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო.
პრეზიდენტ ობამას ქვეყნის შიდა სკანდალებზე მოუწევს პასუხების გაცემა. ამავდროულად, მისი კაბინეტის წევრებზე ზეწოლა ძლიერდება და ეს პროცესი კაპიტოლიუმში უფრო და უფრო აქტიურდება. რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა კონსერვატული ჩაის სმის მოძრაობის მიმართ საგადასახადო სამსახურის განსაკუთრებული მიდგომა საეჭვოდ მიიჩნიეს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა გამოთქვა ეჭვი, რომ ამ საქმეს შესაძლოა კრიმინალის ელფერი ქონდეს.
„საგადასახადო სამსახურმა აღიარა, რომ კონსერვატორები მათ სამიზნეს წარმოადგენდნენ. მე არ ვკითხულობ ვინ გადადგება, მე ვკითხულობ, ვინ წავა ციხეში,“ - განაცხადა ჯონ ბეინერმა.
გუშინ კონგრესის წინაშე გამოსვლისას, გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა განაცხადა, რომ მისი უწყება მშვიდად გამოიძიებს აღნიშნულ სკანდალებს და იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
„ასოშეიტედ პრესის“ ჟურნლისტების სატელეფონო მოსმენასთან დაკავშირებით, ერიკ ჰოლდერმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან ამით რისკის ქვეშ დადგება გამოძიება, რომელიც ეროვგნული უსაფრთხოების შემცველი საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაზე მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება იუსტიციის დეპარტამენტში, იმ საქმეებზე რაც არასწორად წარიმართა,“ - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეიმს სენსენბრენერმა.
დემოკრატი კანონმდებლები და უფლებადამცველებიც მიიჩნევენ, რომ სატელეფონო მოსმენების სკანდალმა შესაძლოა პრესის თავისუფლებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. კანონმდებლები აცხადებენ, რომ ისინი კითხვების დასმას აუცილებლად გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG