იმ დროს, როდესაც შეერთებულ შტატებში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი დღეში 20 ათასით იზრდება და გარდაცვალების შემთხვევები დღეში 1000-დან 2000-მდეა, თეთრი სახლი გეგმავს, დაახლოებით ერთ თვეში, კორონავირუსზე მომუშავე ჯგუფი გააუქმოს.
ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა, რომ ადმინისტრაცია ფიქრობს, მაისის ბოლოსთვის ან ივნისის დასაწყისში, პანდემიის ეროვნულ დონეზე მართვის საკითხები, თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფიდან კვლავ ფედერალური მთავრობის სააგენტოებს დაუბრუნოს. ამ ნაბიჯს მან “ქვეყანაში მიღწეული უზარმაზარი პროგრესის ასახვა” უწოდა.
რონალდ კლეინი, ტრამპის კრიტიკოსი, რომელიც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, 2014 წელს, დასავლეთ აფრიკაში ებოლას აფეთქების საპასუხო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა, ადმინისტრაციის გეგმებს მკვეთრად არ ეთანხმება.
კლეინმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” განაცხადა, რომ ის, როგორც ებოლაზე თეთრი სახლის საპასუხო ღონისძიებების კოორდინატორი, გადადგა მაშინ, როდესაც დაავადების შემთხვევების რიცხვი კვირაში ხუთამდე დაეცა.
ალი მოკლადი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის, ჯანდაცვის აღრიცხვის და შეფასების ინსტიტუტის პროფესორი ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფის დაშლის ნაცვლად, ის ყურადღებას სწორედ მასზე გაამახვილებდა.
ინსტიტუტის ახალი პროგნოზით, აგვისტოს დასაწყისისთვის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით გარდაცვალების 135 ათასი შემთხვევა იქნება.
დემოკრატებმა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დაგმეს. ადმინისტრაციის გეგმა გააკრიტიკეს გუბერნატორებმა, აქტივისტებმა და კონგრესის წევრებმა.
ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები რჩევების მიცემას გააგრძელებენ, მაგრამ ისე ხშირად აღარ შეიკრიბებიან, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ხდებოდა. ადმინისტრაციაში ასევე თქვეს, რომ თეთრი სახლი ყურადღებას ვაქცინებზე, თერაპიაზე, ტესტირებაზე და ეკონომიკის გახსნაზე გადართავს.
ამჟამად, შეერთებულ შტატებში “კოვიდ-19” ინფექციის 1.2 მილიონი დადასტურებული შემთხვევა და 71 ათასზე მეტი გარდაცვალება აღირიცხა.
Facebook Forum