ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამერიკა სირიიდან ჯარს გამოიყვანს


უცხო ქვეყნის ჯარები სირიაში

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიიდან ჯარების გამოყვანა დაიწყო. გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი. ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS) სირიაში დაამარცხა.

„ჩვენ დავიწყეთ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სახლში დაბრუნება ამ კამპანიის შემდეგ ფაზაზე გადასვლის კვალდაკვალ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.

მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება არ გულისხმობს, რომ კოალიციური ძალების სამხედრო კამპანია სირიაში დასრულდა.

"ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მზად არიან ხელახლა ჩაერთონ ყველა დონეზე, რათა ამერიკის ინტერესი იქნას დაცული საჭიროების შემთხვევაში, და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა აღუკვეთოთ რადიკალ ისლამისტ ტერორისტებს წვდომა ტერიტორიაზე, დაფინანსებაზე, მხარდაჭერაზე და [აღუკვეთოთ] ნებისმიერი საშუალება ჩვენი საზღვრების ინფილტრაციის“, - განაცხადა სანდერსმა.

ოთხშაბათს, პენტაგონის პრესსპიკერმა დანა უაითმა განცხადებაში აღნიშნა, რომ „კოალიციამ გაათავისუფლა „ISIS“-ის მიერ დაკავებული ტერიტორია, თუმცა „ISIS“-ის წინააღმდეგ კამპანია დასრულებული არაა“.

"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მუშაობას, რათა დავამარცხოთ ISIS-ი, სადაც არ უნდა მოქმედებდეს ის“, - თქვა უაითმა.

გასულ კვირას, ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა გლობალურ კოალიციაში, რომელიც დაჯგუფების დამარცხებას ისახავს მიზნად, ბრეტ მაკგურკმა ჟურნალისტებს განუხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიის ბოლო ერთი პროცენტის გათავისუფლებას თვეები დასჭირდებოდა. 11 დეკემბერს მან განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე ათასი კარგად გაწვრთნილი მებრძოლი იმყოფებოდა. პენტაგონის აგვისტოს მონაცემებით, სირიაში "ისლამურ სახელმწიფოს" დაახლოებით 13,000 მებრძოლი ჰყავდა.

ამერიკის მიერ შენაერთების გამოყვანის გადაწვეტილება რეგიონში ამერიკის სამხედრო კამპანიის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს. თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი და სხვა ამერიკელი ოფიციალური პირები სირიაში ამერიკის დარჩენას ანიჭებდნენ უპირატესობას, რათა დაჯგუფების ხელახალი გაცოცხლება თავიდან აეცილებინათ. სირიაში დაახლოებით 2000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. მათი უმეტესობა „სირიის დემოკრატიულ ძალებს", ქურთულ და არაბული შენაერთების კოალიციას, ეხმარება.

მიუხედავად პენტაგონის პოზიციისა, რომ საჭირო იყო სამხედროების სირიაში დატოვება, ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა შენაერთები რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყვნენ სახლში. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მომავალი 24 საათის შემდეგ ამერიკა სირიიდან პერსონალის ევაკუაციას განახორცილებს.

რეაქცია ვაშინგტონში

ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ კაპიტოლიუმის ბორცვზე. კონგრესში სირიიდან შენაერთების გამოყვანას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. სენატის შეარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრამმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე’ დაწერა, რომ „სირიიდან ამერიკის მცირე შენაერთის გამოყვანა ობამას მსგავსი უდიდესი შეცდომა იქნება“. ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გადაწვეტილება მიიღო, მანამ, სანამ 2014 წელს ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ აღმოცენდებოდა.

საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა სენატორმა რენდ პოლმა ტრამპის გადაწყვეტილება მოიწონა. „მე მიხარია, რომ პრეზიდენტმა გამარჯვებას მიაღწია და ომიდან ჩვენს ჯარისკაცებს აბრუნებს. დიდი ხანია, რაც მსგავსი რამ არ მომხდარა“, - თქვა მან.

ეროვნული ინტერესის ცენტრის მკვლევარი ჰარი კაზიანისი ამბობს, რომ გადაწვეტილება მოულოდნელი არ იყო. „[პრეზიდენტი ამბობს] რომ ამერიკულმა შენაერთებმა მიაღწიეს მიზანს დაემარცხებინათ "ისლამური სახელმწიფო" - და არ არსებობს მიზეზი იქ მათი დამატებითი დროით დარჩენის“, - თქვა მან.

მატისის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების პოზიცია სირიაში იქამდე დარჩენა იყო, სანამ სამშვიდობო შეთანხმება იქნებოდა მიღწეული სირიის ამბოხებულ ოპოზიციასა და ასადის რეჟიმს შორის. სირიის სამოქალაქო ომმა ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 22 მილიონი ადამიანის იძულებით გადაადგილება გამოიწვია.

სირიიდან გამოსვლის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში კვლავ იქნება წარმოდგენილი. ვაშინგტონს სირიის მეზობელ ერაყში 5000 სამხედრო ჰყავს განთავსებული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG