ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავანას საქმის გამოძიება გრძელდება


ფედერალური გამოძიების ბიურო აგრძელებს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ბრეტ კავანას სექსუალური ძალადობის ბრალდების გამოძიებას. ამასთან, მოსამართლეობის კანდიდატის წინააღმდეგ ასევე ახალი ბრალდებები გაისმა, მის მიერ ახალგაზრდობის პერიოდში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების გამო.

ქრისტინ ბლეისი ფორდი გასულ კვირას სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე წარსდგა, სადაც მან აღნიშნა, რომ კავანამ 1982 წელს სკოლაში მასზე იძალადა.

კავანამ სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენის დროს ბრალდებები აგრესიულად უარყო. მან ასევე უარყო ბრალდებები მის მიერ ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარების თაობაზე. თუმცა ჩად ლუდინგტონი, კავანას ყოფილი კურსელი იელის უნივერსიტეტში, საკუთარ განცხადებაში ამბობს, რომ მოსამართლე „ხშირად სვამდა და ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით იღებდა“. მისი თქმით, ალკოჰოლის მიღების შემდეგ, კავანა ხშირად „აგრესიული იყო“.

ლუდინგტონი ამბობს, რომ ერთხელ მან საკუთარი ლუდის ბოთლი სახეში ესროლა ადამიანს, რომელმაც მის მიმართ „ნახევრად-მტრული შენიშვნა“ გააკეთა. ინციდენტი ჩხუბში გადაიზარდა და ერთ-ერთი საერთო მეგობრის დაკავებით დასრულდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კავანას წარსულთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალურ ბიუროს შეუძლია გაესაუბროს ნებისმიერ საჭირო ადამიანს. განცხადება ტრამპმა დემოკრატების კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც ამბობდნენ, რომ თეთრი სახლი ცდილობდა გამოძიების მასშტაბები შეეზღუდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG