ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ავღანეთის მომავალზე კონსულტაციებს მართავს


ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ავღანეთის რეგიონში 2014 წლის შემდეგ

შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების ინფორმაციით, შეერთებული შტატები ავღანეთიდან საკუთარი ჯარების გამოყვანის პროცესს 2014 წლისთვის დაასრულებს, თუმცა ამის შემდგომი ეტაპისთვის სხვადასხვა ვარიანტები განიხილება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი კენტ კლეინი იუწყება, გადაწყვეტილება ამის შესახებ სავარაუდოდ, მოკლე დროში არ იქნება მიღებული.

თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯეი კარნიმ სამშაბათს გადაჭარბებული უწოდა შესაძლებლობას იმის შესახებ, რომ ბარაკ ობამამ შეერთებული შტატების ჯარების სრულად გამოყვანა ავღანეთიდან მომავალი წლის ბოლოსთვის, ამერიკული საბრძოლო დანაყოფების გამოსვლის შემდეგ მოახდინოს.

ის აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული, „ნულოვანი ვარიანტი“ ომის შემდგომი ავღანეთის გეგმის ერთ-ერთი ვარიანტია. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ზეწოლის ქვეშ არ არის, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს.

ჯეი კარნი: დღევანდელი მდგომარეობის მიუხედავად, გადაწყვეტილება როგორც ჩანს მალე არ იქნება მიღებული. საუბარი ეხება დარჩენილ სამხედრო კონტიგენტს, პოტენციურ ძალას რომელიც რეგიონში წელიწადნახევრის შემდეგ დარჩება. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ახლა კონსულტაცია.

კარნიმ ასევე გაზვიადებულად მიიჩნია გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი „ნულოვან ვარიანტს“ თავიდან განიხილავს, ვინაიდან გარკვეული იმედგაცრუება გაჩნდა ივნისის ბოლოს მასსა და ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შორის გრძელი სატელეფონო საუბრის შემდეგ.

ჯეი კარნი: შეუთანხმებლობა არსებობდა წარსულში და იქნება მომავალშიც, ეს უდავოა. თუმცა, მთავარი შეთანხმება ავღანეთის მომავალს, მის სტაბილურობას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას ეხება.

კარნის განცხადებით, პრეზიდენტ ობამას ავღანეთის ლიდერთან ამ ტელე კონფერენციის შემდეგ აღარ უსაუბრია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათი დიალოგი მალე ისევ შედგება.

ობამას ადმინისტრაცია „ ნულოვან ვარიანტს“ რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა. თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციას იანვარში პრეზიდენტი კარზაიც ესწრებოდა. ბარაკ ობამამ ამერიკული ჯარების რეგიონიდან გამოყვანის თაობაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ავღანეთში ვაშინგტონმა მთავარ მიზანს მიაღწია.

ბარაკ ობამა: მთავარ შედეგს მივაღწიეთ, ან შეიძლება ითქვას მიზანთან ახლოს მივედით, რაც ალ-ყაიდას ძალების შესუსტებაში და დაშლაში გამოიხატება. ალ-ყაიდას ახალი თავდასხმების განხორციელების ძალა წაერთვა.

ასევე იანვარში, პრეზიდენტის მრჩეველის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადმინისტრაცია განიხილავს „ნულოვან ვარიანტს“ თუკი ავღანეთში შეერთებული შტატების ყველა მიზანი იქნება მიღწეული.

ბენ როდსი: უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების მოლაპარაკების მიზანი არ არის იმის გარკვევა, თუ რა რაოდენობის ამერიკული სამხედრო ძალა დარჩება ავღანეთში. ეს არის ის, რომ მივაღწიოთ ორ მიზანს , ერთი ის რომ ალ-ყაიდას უსაფრთხო თავშესაფარი არ ჰქონდეს და მეორე, ავღანური შეიარაღებული ძალების მომზადება და აღჭურვა.

პრეს მდივანმა ჯეი კარნიმ სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს კონკრეტული მიზნები ექნება ავღანეთში სამომავლო მოქმედების თაობაზე. შესაძლოა ეს იყოს ადგილობრივი ძალები ან დამატებითი დახმარება ავღანეთის უსაფრთხოების დასაცავად.
XS
SM
MD
LG