ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს ამერიკული სასამართლო განიხილავს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ილინოისის შტატში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. 7 ოქტომბერი, 2021 წ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ილინოისის შტატში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. 7 ოქტომბერი, 2021 წ.

თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ კოვიდ-19-ზე სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სასამართლო მათ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს. განცხადება კვირას თეთრი სახლის აპარატის უფროსმა, რონ კლაინმა ტელეკომპანია "ენ-ბი-სის" ეთერში გააკეთა.

საუბარია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციებს, სადაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, კოვიდ-19-ზე სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა შეუძლიათ. განკარგულება კერძო სექტორში დასაქმებულ დაახლოებით 84 მილიონ ადამიანს შეეხება. ის ძალაში 4 იანვარს შედის.

რონ კლაინის განცხადებით, ეს ნაბიჯი შეერთებულ შტატებში პანდემიის დასრულებისთვისაა აუცილებელი. მისი თქმით, თუკი ამერიკის მთავრობის შესაბამის უწყებას - პროფესიული უსაფრთხოების და ჯანდაცვის ადმინისტრაციას (OSHA) - "შეუძლია უთხრას ხალხს, რომ ატაროს დამცავი თავსაბური, თავი დაიცვას ტოქსიკური ქიმიკატებისგან, მაშინ მას ისიც შეუძლია, რომ... მიიღოს მარტივი ზომები ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის".

გასულ თვეში შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია მეინის შტატის ჯანდაცვის მუშაკებისთვის კანონთან შესაბამისობაშია. თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკითხის განხილვა არ მომხდარა, არც კერძო ორგანიზაციებთან მიმართებაში და არც 4 მილიონ ფედერალურ მუშაკთან დაკავშირებით, რომელთაც კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის ვადა 22 ნოემბერს ეწურება.

დემოკრატი პრეზიდენტის განკარგულებას რესპუბლიკელი კანონმდებლების და შტატის გუბერნატორების ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი თვლიან, რომ ეს ვაშინგტონის მხრიდან ძალაუფლების გადაჭარბებას წარმოადგენს. მათ ფედერალური მუშაკების დამცველი ზოგიერთი პროფკავშირიც ემხრობა.

ამერიკის პრეზიდენტის განკარგულება დაიბლოკა კონსერვატორებით დომინირებულ რამდენიმე სამხრეთულ შტატში, მათ შორის - ლუიზიანის, მისისიპის და ტეხასის შტატებში. ტეხასის გენერალურმა პროკურორმა კენ პაქსტონმა სავალდებულო ვაქცინაციას "ფედერალური ძალაუფლების გამაოგნებელი გადაჭარბება" უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG