ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების პასუხი სავალდებულო ვაქცინაციაზე


ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ კოვიდ-19-თან ბრძოლის ახალ გეგმას, რომელიც მან ხუთშაბათს წარმოადგინა, რესპუბლიკელებში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათ განსაკუთრებით არ მოსწონთ ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადება და ამბობენ, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან უფლებამოსილებების გადაჭარბებას წარმოადგენს.

ხუთშაბათსვე რესპუბლიკელთა ეროვნულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ამის გამო სასამართლოში უჩივლებს. წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის, კევინ მაკკართის თქმით, "ჯარიმების დაწესება არამარტო ეკონომიკას დაანგრევს და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანს მას, არამედ ეს ელემენტარულად არაამერიკულია".

კონგრესმენ მაკკართის თქმით, "ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფლება. ამერიკელები მას გვერდში არ დაუდგებიან" - განაცხადა კონგრესმენმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

მსგავსი განცხადება გააკეთა ხუთშაბათს ოკლაჰომის შტატის გუბერნატორმა კევინ სტიტმა: "პრეზიდენტი ბაიდენი კიდევ ერთხელ ახდენს ინდივიდუალური თავისუფლებების და შტატების უფლებების სრული უგულვებელყოფის დემონსტრაციას. ვიდრე მე გუბერნატორი ვარ, მთავრობის მხრიდან ოკლაჰომაში იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება".

ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლების "ენ-პი-არის" და "პი-ბი-ესის" მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ზრდასრულ ამერიკელთა 50% ემხრობა დამქირავებელთა მიერ სამსახურში სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნას. ამ ნაბიჯს გამოკითხულ ამერიკელთა 44% მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში, ამერიკის პრეზიდენტმა კოვიდ-19-თან ბრძოლის ახალი გეგმა წარადგინა, რომლის მთავარი ნაწილია მოსახლეობის ნაწილისთვის ვაქცინაციის სავალდებულო წესის შემოღება. ბაიდენის გეგმის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება 100 მილიონამდე ამერიკელს, ვინც ფედერალურ, თუ კერძო სექტორშია დასაქმებული. იგივე ეხება სამედიცინო სფეროში მომუშავე და ფედერალური სააგენტოებში კონტრაქტით მომუშავე ადამიანებს.

ბაიდენის თქმით, სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია გააორმაგებს ჯარიმებს მათთვის, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღაბს არ იკეთებს. ეს ეხება მატარებლებს, ავტობუსებს, თუ თვითმფრინავებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG