ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ფედერალურ მოსამსახურეთა 92% აცრილია


როგორც ჩანს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის თაობაზე, რომელიც მილიონობით ფედერალურ მოსამსახურეს შეეხო, მუშაობს. სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას, სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას და სადღესასწაულო მოგზაურობას აშკარა დაბრკოლებები აქამდე არ შექმნია.

თეთრი სახლის ოფიციალური პირების თანახმად, სამშაბათს, მანდატის შესრულების სავალდებულო საბოლოო ვადის გასვლიდან მეორე დღეს, 3.5 მილიონი ფედერალური მოსამსახურიდან, რომლებსაც ბაიდენის ბრძანება შეეხო, 92 პროცენტმა მთავრობას მოახსენა, რომ სულ მცირე, ნაწილობრივ აცრილია.

თეთრი სახლის მონაცემებით, ნაწილობრივ აცრილთა ყველაზე დიდი რიცხვი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში აღირიცხა, რაც 97.8 პროცენტს შეადგენდა. 96.4 პროცენტით მას ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი მოჰყვებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტში ეს მაჩვენებელი 96.1 პროცენტი იყო.

სამართალდამცავი სააგენტოები აცრის ტემპში ჩამორჩებოდა. იუსტიციის დეპარტამენტში აცრილთა რაოდენობამ 89.8 პროცენტი შეადგინა, ვეტერანთა ადმინისტრაციაში ნაწილობრივ აცრილთა რიცხვი 87.8 პროცენტი იყო, თუმცა თავდაცვის დეპარტამენტში ეს რიცხვი 93.4 პროცენტი იყო, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში კი - 88.9 პროცენტი. სახელმწიფო დაწესებულებებში ნაწილობრივი ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 86.1 % - სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში აღინიშნა.

მთლიანობაში, სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა ფედერალური მოსამსახურეების 96.5 პროცენტმა შეასრულა, რაშიც შედის სამედიცინო და რელიგიური ხასიათის გამონაკლისები, რომელთა შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დანარჩენები მოთხოვნას არ ასრულებენ, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს „გზის დასასრული“ არ არის და თანამშრომლები ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს მიიღებენ, რათა აიცრან, ან გამონაკლისის დაშვება მოითხოვონ. სამსახურიდან დათხოვნის საკითხს მხოლოდ ამის შემდგომ განიხილავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG