ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19-ის პარალელურად ახალი ვირუსული გრიპის პანდემიას უნდა ვუფრთხილდეთ


მაშინ, როდესაც კორონავირუსის წამალი თუ ვაქცინა ჯერ არ არის აღმოჩენილი ან შემუშავებული, ჩინეთში ახალი ვირუსი ვრცელდება. ის შეიძლება პანდემიად იქცეს.

გრიპული ვირუსის შტამი ჩინეთში, ღორებსა და მათ მომვლელებში გავრცელდა. ჯერჯერობით მასშტაბები არც ისე დიდია, მაგრამ "მეცნიერების ეროვნული აკადემიის პროცედურების" ახალი კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ვირუსს "ყველა არსებითი ნიშანი აქვს იმისა, რომ შესაძლო პანდემიური ვირუსი" გახდეს.

"ამ შტამს ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ", - ამბობს ენდრიუ პავია, პედიატრიული ინფექციური დაავადებების განყოფილების უფროსი იუტის უნივერსიტეტში. ის კვლევის მონაწილე არ ყოფილა, მაგრამ ამბობს, რომ ამჯერად უცნობია, რამდენად სერიოზულია ახალი პანდემიის შესაძლებლობა.

ახალი შტამი იმ გრიპის ვირუსის გენებს შეიცავს, რომელმაც 2009 წელს პანდემია გამოიწვია. ის ადამიანის უჯრედებს აინფიცირებს და ლაბორატორიულ ტესტებშიც სწრაფად ვრცელდება. ეს შტამი ჩინეთში ღორებსა და ინფიცირებულ ადამიანებში დომინანტური გახდა.

კვლევის ავტორებმა 15 ფერმის თანამშრომლები - როგორც ჰუბეის, ისე შანდონის პროვინციებში და მათ შემოგარენში მცხოვრებლები - შეამოწმეს და დაადგინეს, რომ თანამშრომლების დაახლოებით 10 %-ს და ადგილობრივების 4 %-ს ვირუსთან შეხება ჰქონდა.

"აქ კარგი სიახლეცაა და ცუდიც", - ამბობს პავია. "ვფიქრობ ცუდი ისაა, რომ კიდევ ერთხელ, ისე ჩანს, რომ ხდება გრიპის იმ შტამების იდენტიფიცირება, რომლებსაც ადამიანებზე "გადახტომის", გადადების პოტენციალი აქვთ". თუმცა შედარებით დადებითი სიახლე ისაა, რომ სერიოზული შემთხვევების რაოდენობა ძალიან დაბალია. მართალია, არ არსებობს გარანტია, რომ რიცხვები დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, მაგრამ ამ ეტაპზე ინფიცირებულთა და განსაკუთრებით კი რთულ პაციენტთა რიცხვი სულ რამდენიმეა. საგანგაშო მდგომარეობამდე კი სხვა რამდენიმე ფაქტორიც უნდა შეიცვალოს.

სიმა ლაკდავალა, პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგი და მოლეკულური გენეტიკოსი ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესი ყველა ამგვარი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აირწვეთოვანი გზით გადაცემის შეზღუდვაა. მისი აზრით, რადგან ამჟამად ძალიან ცოტა ადამიანია ავად, არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სწრაფი ან მასშტაბური გავრცელება მოხდა.

საკვებად გამოყენებული ცხოველური პროდუქტები ხშირად ახალი ვირუსის გავრცელების მიზეზი ხდება. ჩიტებს, ღორებსა და ადამიანებს გრიპის შტამების გაცვლა შეუძლიათ. ერთ ცხოველშიც კი შესაძლოა რამდენიმე შტამი გაჩნდეს, რომლებიც გენებს იცვლის და ახალ შტამად ყალიბდება.

შეუძლებელია იმის თქმა, როდის შეიქმნება გენების ისეთი კომბინაცია, რომელიც ძლიერ საზიანო და სწრაფად გადამდებ ვირუსს წარმოშობს. სასიკვდილო შტამი, რომელსაც H5N1 უწოდეს, პირველად ჰონგ-კონგში 1997 წელს დაფიქსირდა და 2003 წელს თავიდან გავრცელდა. ამ ვირუსით ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი იღუპება. თუმცა მეცნიერებს ჯერ კიდევ არ ესმით, როგორ არ ჩამოყალიბდა ის პანდემიად.

2009 წელს ღორებიდან გავრცელებული H1N1 ვირუსი პანდემიურად გავრცელდა. მკვლევარები ამბობენ, რომ ამ ვირუსით პირველ წელს, დაახლოებით, 300 000 ადამიანი გარდაიცვალა. მას შემდეგ ჯანდაცვის სპეციალისტებმა ცხოველების ფერმების მონიტორინგი გააძლიერეს. ენდრიუ პავია ამბობს, რომ გაუმჯობესება ნამდვილად იყო, მაგრამ გამოწვევა კვლავ სერიოზულია. გრიპი ვრცელდება იხვებში, ინდაურებში, ღორებში, არსებობს შტამებიც, რომლებიც ცხენებისა და ძაღლების ინფიცირებასაც კი იწვევს. ყველა ამ ცხოველის თუ შემთხვევის მონიტორინგი და შემოწმება კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG