ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"WhatsApp" მესიჯების კოდირების სისტემას აუმჯობესებს


მოკლე ტექსტური შეტყობინებების პოპულარული აპლიკაცია “WhatsApp” აცხადებს, რომ პერსონალური ინფორმაციის დასაცავად მესიჯების სრულ ინკრიფციას გააკეთებს.

კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი კან კუმი საჯარო ბლოგში წერს, რომ აპლიკაციის გამოყენებით წარმოებული საუბრები ისე იქნება კოდირებული, რომ მათი წაკითხვა თუ მოსმენა, მხოლოდ ადრესატებს შეეძლებათ.

“მესიჯის ნახვას სხვა ვერავინ შეძლებს - კიბერ-კრიმინალები, ჰაკერები, რეპრესიული მთავრობები. მათზე წვდომა ჩვენც კი არ გვექნება," წერს კუმი.

“WhatsApp”-მა ეს გადაწყვეტილება კიბერ-უსაფრთხოების სფეროში გამწვავებული დებატების ფონზე მიიღო, რაც ადამიანის პერსონალური ინფორმაციის დაცვა და ეროვნული უსაფრთხოება ბალანსს მოითხოვს.

“WhatsApp”-ის კოდირება გასაღები და საკეტის პრინციპით მუშაობს - ყველა საკეტს მხოლოდ ერთი გასაღები აღებს და ეს გასაღები მხოლოდ გამგზავნსა და მესიჯის მიმღებს (მიმღებებს) აქვს. დაცვის გასაძლიერებლად თითოეული მესიჯი ინდივიდუალური გასაღებით მოდის და მასზე წვდომა აპლიკაციის მმართველებსაც კი არ აქვთ.

კუმის თქმით, “სრული ინკრიფცია “WhatsApp”-ით კომუნიკაციას ისეთივე დაცულს ხდის, როგორიც პირისპირ საუბარია.”

“ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც იმაზე მეტი ინფორმაციაა ციფრული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყოველ დღე ვიგებთ ახალ ამბებს კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვაზე ან გასაჯაროებაზე. თუ რამე არ მოვიმოქმედეთ, პერსონალური ინფორმაცია თავდასხმების წინააღმდეგ წლების მანძილზე დაუცველი იქნება. სრული ინკრიფცია ამ სახის საფრთხეებისგან დაგვიცავს,” ამბობს კუმი.

გასულ თვეს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კომპანია “ეფლს” სან-ბერნარდინოში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორის iPhone-ზე კოდის მოხსნა სთხოვა. გამოძიებას გარდაცვლილი ტერორისტის ტელეფონზე შენახული ინფორმაციის მოპოვება სამხილის დანიშნულებით სურდა.

“ეფლმა” ფედერალურ აგენტებს ტელეფონზე ბლოკირების მოხსნაზე უარი უთხრა და მიზეზად პერსონალური ინფორმაციის დაცვა დაასახელა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თუმცა, მოგვიანებით, ბიურომ ტელეფონში შეღწევა “ეფლის” გარეშე შეძლო და სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა.

ტექნოლოგიურ გიგანტსა და ამერიკის მთავრობას შორის დაწყებულმა ამ სამართლებრივმა დავამ ეროვნულ დონეზე მწვავე დებატები გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ დამნაშავეები კოდირებულ მესიჯებს საკუთარი კრიმინალური საქმიანობის დასამალად იყენებენ, ხოლო მათი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ “ეფლის” მიერ ერთი ტელეფონის გახსნა ლეგალურ პრეცედენტს შექმნიდა და პოლიციას მომავალში ნებისმიერი ტელეფონის გახსნის საშუალებას მისცემდა.

კუმის თქმით, კერძო საუბრების შინაარსის დაცვა მას პირადად ეხება. “მე საბჭოთა კავშირში, კომუნისტური მმართველობის დროს გავიზარდე. იმის გამო, რომ ადამიანებს ერთმანეთთან თავისუფლად საუბარი არ შეეძლოთ, ჩემი ოჯახი საცხოვრებლად ამერიკაში ჩამოვიდა.”

კუმის ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში “WhatsApp”-ს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. 2014 წელს “WhatsApp”-ი “Facebook”-მა 19 მილიარდ დოლარად იყიდა.

XS
SM
MD
LG