ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უეს მიტჩელი ოკუპირებულ რაიონთან მოსაზღვრე ს. ოძისში ჩავიდა


უეს მიტჩელი ოძისში, 1 მაისი, 2019, "რადიო თავისუფლების" ფოტო.

უეს მიტჩელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, დღეს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას გაეცნო. ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელ ოძისში მას თან ახლდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

„10 წლის წინ აქ ომი იყო და დღეს მე აქ ვიმყოფები, რათა რუსეთის მთავრობას შევახსენო, რომ მსოფლიოს ეს ომი არ დავიწყებია“ - განაცხადა უეს მიტჩელმა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გამყოფ ხაზს არ სცნობს სახელმწიფო საზღვრად და რომ ამერიკას აღელვებს მის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება. ვაშინგტონი გმობს საქართველოს მოქალაქეების დაკავების, წამების და მკვლელობის ფაქტებს და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.

უეს მიტჩელის თქმით, შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და ხელი შეუწყოს რეგიონში ჰუმანიტარულ მიმოსვლას.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებისადმი ერთგული რჩება. ამერიკა აფასებს საქართველოს "მთავრობის, პარლამენტის და ხალხის ძალისხმევას, აჩვენოს ღრმა ერთგულება დემოკრატიული რეფორმებისადმი. ვაფასებთ საქართველოს ლიდერობას როგორც წარმატებული დემოკრატიის მაგალითს კავკასიაში“ - აღნიშნა უეს მიტჩელმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG