ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსი საქართველოს ამერიკის მხარდაჭერას დაპირდა


მაიკ პენსი და გიორგი კვირიკაშვილი

პირველ ოფიციალურ ევროპულ ტურნეში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეეცადა რეგიონის მოკავშირეები დაერწმუნებინა, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას.

თბილისში მისი მასპინძლის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გვერდით მდგარმა პენსმა, ოფიციალური პირების და საერთაშორისო ჟურნალისტებისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე თქვა, რომ “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” არ ნიშნავს “მხოლოდ ამერიკას”.

"პრეზიდენტმა ტრამპმა გამომგზავნა, რათა ნათელი გზავნილი მიმეტანა ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს და ჩვენ ამას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ქმედებებით ვამტკიცებთ” - განაცხადა პენსმა დღეს პრემიერ კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ევროპულ ტურნეში შემავალ ნატოს ერთადერთ არაწევრ ქვეყანაში - საქართველოში, პენსი ესტონეთიდან ჩავიდა, იმ ქვეყნიდან, რომელიც დასავლური ტიპის ტრანსფორმაციას წარმატებით ახორციელებს. შემდეგი ქვეყანა კი, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს შემდეგ სტუმრობს, მონტენეგროა, ნატოს ყველაზე ახალბედა წევრი.

პენსი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეა, რომელიც საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონს ეწვია.

“თქვენი დახმარების შედეგად, საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტ-საბჭოური ქვეყანა” - თქვა კვირიკაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. “დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატია. ასევე, ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში” - თქვა მან.

კვირიკაშვილის სიტყვები, რომელშიც საქართველო “ამერიკის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად” იყო დასახელებული, რუსეთის მხრიდან ჯერ კიდევ მიმდინარე, ნაწილობრივი ოკუპაციის ფონზე წარმოითქვა. პრესკონფერენციიდან დაახლოებით 64 კილომეტრში, რუსული სატანკო შენაერთები საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტს აკონტროლებენ, რაც 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის გამოძახილიცაა.

მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის “მტკიცე” მხარდაჭერას. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა დაგმო მოსკოვის ყოფნა ქართულ მიწაზე, რასაც მიმომხილველები მზარდ, “მცოცავ” ოკუპაციას უწოდებენ.

“პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები” - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა და იქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალე მოაწერს ხელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. “ჩვენი ქვეყანა რუსეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს ამჯობინებს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას და საერთო ინტერესებს ეფუძნება. თუმცა, პრეზიდენტი და კონგრესი ერთიანია რუსეთისადმი გაკეთებულ ჩვენს გზავნილში: ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთის მხრიდან იმ ქმედებებზე უარის თქმა ესაჭიროება, რომელთა გამოც თავის დროზე სანქციების დაწესება მოხდა”.

ამერიკის უმაღლესი ოფიციალური პირებიდან საქართველოში ბოლოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფებოდა. ეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოხდა. ბაიდენის ვიზიტს წინ უძღოდა ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან. ამ ნაბიჯმა ევროპის ქვეყნებში ბევრი შეაშფოთა, რომ რუსეთს საქართველოში შეჭრისთვის ამერიკისგან მწვანე შუქი არ მიეღო.

მოსკოვი სხვა მიმართულებით წავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის ანექსია განახორციელა და უკრაინაში დესტაბილიზაცია გამოიწვია. დასავლეთმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანების კანდიდატები არიან. მიმომხილველების ნაწილი ფიქრობს, რომ ორივე ქვეყანაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა (საქართველო-2008; უკრაინა-2014), ნატოს ბუქარესტის სამიტზე რომ მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაზე უარი არ ეთქვათ. ბუქარესტის სამიტი 2008 წლის აპრილში გაიმართა.

“პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი” - განაცხადა მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტის დროს.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ნატოში გაწევრიანების სახელმწიფო კურსს საქართველოს მოსახლეობის 66 პროცენტი მხარს უჭერს. გამოკითხულთა 62 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ორივე ორგანიზაციას საქართველოს მოქალაქეები ძირითადად საკუთარი უსაფრთხოების ინსტრუმენტად აღიქვამენ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი განვითარების გარანტი იქნება.

2017 წელს ამერიკას და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წელი შესრულდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის, საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ უმცროსი ჯორჯ ბუში იმყოფებოდა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ათასობით ქართველის წინაშე, ჯორჯ ბუშმა საქართველოს “დემოკრატიის შუქურა” უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG