ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსი: თავისუფალ, ერთიან და წარმატებულ საქართველოს გაუმარჯოს!


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი საქართველოში იმყოფება. ის მეუღლესთან ერთად საქართველოში დღეს საღამოს ჩავიდა და ხვალ საღამომდე დარჩება. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ დაიწყება და მის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი პენსი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ოფიციალური საუბრის შემდეგ ისინი საქართველოში მიმდინარე ნატოს საწვრთნელი პროგრამის „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებსაც შეხვდებიან.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის იქნებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ამერიკელ სტუმარს ფუნიკულიორზე ვახშამზე უმასპინძლა. სუფრასთან დასხდომამდე მათ კომენტარები გააკეთეს.

„ჩვენ ნამდვილად თანამებრძოლი ძმები ვართ. შეერთებული შტატები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა და ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენს ძალისხმევაში მსოფლიოში მეტი მშვიდობის დასამყარებლად,“ - აღნიშნა პრემიერმა. მან ასევე დასძინა, რომ პერსონალურ დონეზე ამერიკაში, კერძოდ კი, ილინოისის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლამ მასზე უდიდესი გავლენა იქონია და "ამ გავლენამ მისი ცხოვრება შეცვალა":

„ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, საქართველო ყურადღებით ადევნებდა თვალს თქვენს ვიზიტს ესტონეთში, სადაც თქვენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით თქვით, რომ "ამერიკა პირველ რიგში" არ ნიშნავს "ამერიკა მარტოს". ჩვენ მეგობრები და მოკავშირეები ვართ. ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ, ქართველები, ძალიან ვაფასებთ ამ შთამაგონებელ განცხადებას".

მაიკლ პენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ის საქართველოში ერთი მარტივი მესიჯით გაგზავნა: “ჩვენ თქვენთან ვდგავართ, თქვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის.“

ვიცე-პრეზიდენტმა სადღეგრძელოც თქვა. „ამ ჭიქით თქვენ და თქვენს ოჯახს გაუმარჯოს, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ამ დიადი ერისადმი თქვენი თავდადებისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ამ სასმისით თავისუფალ, ერთიან და წარმატებულ საქართველოს გაუმარჯოს."

სადღეგრძელოების შემდეგ დარბაზში ანსამბლი „რუსთავის“ მოცეკვავებმა "ჩაკრულო" შეასრულეს. ვახშმის დანარჩენი ნაწილი კი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG