ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის უჩინარი ატრაქციონი და ტურისტული ღირშესანიშნაობა


აშშ-ის დედაქალაქის ე.წ. „ეშმაკის ბორბალი“ მდინარე პოტომაკიდან 55 მეტრის სიმაღლეს წვდება და მისგან ვაშინგტონის პანორამული ხედები იშლება.

ადგილობრივი მცხოვრები, ლაშონდა ჯონსონი ამბობს, რომ მისთვის კარგად ნაცნობი რეგიონი სრულიად ახლებურად დაინახა.

„ჩვენ კაპიტოლიუმი და ყველა ისტორიული მუზეუმი, და საავტომობილო მოძრაობაც დავინახეთ. ეს უბრალოდ სიმშვიდის მომგვრელი იყო.“

„ეშმაკის ბორბალი“ ვაშინგტონის გარეუბანში, მერილენდის შტატის ოქსონ ჰილში, ეროვნულ ნავსაყუდელში მდებარეობს. აქ მაღაზიების, რესტორნების და სასტუმროების უბანია. 42 გონდოლა გათბობის სისტემით და ჰაერის კონდიციონერებით არის აღჭურვილი და 336 ადამიანს იტევს. ეროვნული ნავსაყუდელის ექსპლუატაციის დირექტორი კენტ დიგბი ამბობს, ამის იდეა ის არის, რომ ხალხმა დაისვენოს და ატრაქციონით სიამოვნება მიიღოს.

„ის ძალიან რბილად გადაადგილდება და მომეტებულ ყურადღებას თუ არ მიაქცევ, ვერც გაიგებ, რომ მოძრაობ. ეს ყველაფერი იმის ნაწილია, რითაც ვცდილობთ ადამიანებს კომფორტი შევუქმნათ და დავარწმუნოთ, რომ ეს ძალიან უსაფრთხოა.“

15 წუთიანი ატრაქციონის ღირებულება თითოეული ადამიანისთვის, 15 დოლარია. მარკ პალიქუინი, რომელიც კონექტიკუტიდან ოჯახთან ერთად ჩამოვიდა, ამბობს, რომ ეს ამად ნამდვილად ღირს.

„ჰაერის კონდიცირებით, საუკეთესო დონის კაბინები. აქ მუსიკაც უკრავს“

15 მილიონი დოლარის ღირებულების ატრაქციონი შეერთებულ შტატებში დამზადდა, თუმცა ზოგიერთი ნაწილი გერმანიიდან ჩამოტანეს, გონდოლები კი შვეიცარიაშია დამზადებული. ის სხვა „ეშმაკის ბორბლებს“ წააგავს, როგორიცაა „ლონდონის თვალი“, რომელიც 2006 წლამდე ყველაზე მაღალი „ბორბალი“ იყო. ამჟამად ყველაზე მაღალი „ბორბალის“ ტიტული, ლას ვეგასში გახსნილ, 167 მეტრი სიმაღლის „ჰაი როლერ“-ს უპყრია. მომდევნო ადგილებზე სინგაპურის „ფლაიერი“ და ჩინეთის „ნანჩანგის ვარსკვლავი“ არიან.

ჩინელ ტურისტ ქმე იუნგს „დედაქალაქის ბორბალიდან“ გაშლილი ხედი ძალიან მოეწონა.

„მშვენიერი ხედი იყო.“

ბულგარელი იავორ ტოდოროვი ამბობს, რომ ატრაქციონზე შესვლა მისმა ბავშვებმა მოინდომეს, მაგრამ თვითონაც კმაყოფილი დარჩა.

„ეს აღმაფრთოვანებელია, მთელი ვაშინგტონის დანახვა შეგიძლია.“

ყოველ გონდოლაში, ერთის გარდა, 8 ადამიანი ჯდება. ერთი გონდოლა განსაკუთრებული სტუმრებისთვისაა, მხოლოდ ოთხ ადამიანს იტევს და თითოეულ ადამიანზე 50 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ბოთლი ღვინის შეტანაც შეიძლება.

კენტ დიგბი ამბობს:

„მე მას ჩვენს პატარა „ფერარის“ ვეძახი. ის მთლიანად წითელი ფერისაა . შავი ტყავი, ღვინის გასაგრილებელი ყუთები და საკუთარი ტელევიზორი საკმაოდ მიმზიდველია და დარწმუნებული ვარ, ამ ატრაქციონს არაერთ ადამიანს მოაწონებს.“

დიგბი ამბობს, რომ ბორბალს კიდევ ერთი სასიამოვნო ელემენტი ახლავს. ეს სინათლის სანახაობაა, რომელიც შეიძლება ათასობით სხვადასხვა სახით დაპროგრამდეს.

„მილიონ ექვსასი ათასზე მეტი ნათურაა და ყოველი მათგანი ცისარტყელის ნებისმიერ ფერად შეიძლება აენთოს.“

„დედაქალაქის ბორბალი“ ყოველდღე მუშაობს და მოელიან, რომ პირველ წელიწადში 800 ათასზე მეტ ადამიანს მიიზიდავს.
XS
SM
MD
LG