ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვებულება ციმბირში... თუ რომში?


AP-ის ფოტო

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის დამტკიცებას ვაშინგტონში დიდ წარმატებად აფასებენ. ეს საქართველოს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რაც ევროკავშირის მიერ იმის აღიარებაცაა, რომ საქართველო ეკონომიკურ ბლოკთან ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებს სისტემურად ახორციელებს.

ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის პარალელურად, კრემლმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლაზე დაიწყო საუბარი. ყოველწლიურ სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა პუტინმა ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, „ჩვენ ვფიქრობთ, მზად ვართ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის.“ პუტინის ეს განცხადება ევროკავშირის მსგავს განცხადებას ერთი დღით უსწრებდა.

ორიენტაციის რუსეთისკენ აღებით დაცვის მექანიზმები მოიხსნება და საქართველოს გრანდიოზული კორუფციისა და ეკონომიკური უკუღმართობის პირობებში მოუწევს არსებობა
ჯონ ჰერბსტი

პუტინის განცხადება საქართველოში პრო-რუსული სენტიმენტების გაღრმავებას ემსახურება. რუსეთთან უვიზო რეჟიმის ერთადერთი პრაქტიკული დანიშნულება საქართველოსთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე რთული სათქმელია რამდენად მომგებიანი იქნება ეს ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკისთვის. გარდა ამისა, საეჭვოა ისიც, თუ რა პირობები ჩაიდება ვიზების გაუქმების სანაცვლოდ საქართველოსთვის და რა მექანიზმები ექნება საქართველოს მათი დაცვისა და აღსრულებისთვის. იმის ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, რომ კრემლი შეთანხმების პირობებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ცალმხრივად არღვევს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა.

იდეალურ შემთხვევაში, უვიზო რეჟიმი როგორც ევროკავშირთან ასევე რუსეთთან საქართველოს ეკონომიკას დააწინაურებს. თუმცა, ამ შეთხვევაშიც საკითხავი ის არის, თუ რის სანაცვლოდ მიიღებს საქართველო ამ "პრივილეგიას." ევროპასთან ეს პირობები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით კიდევ უფრო მკაფიოდ გაირკვა. ისინი ძირითადად დასავლური ღირებულებების გაღრმავებას, დემოკრატიული რეფორმების გატარებას და საზოგადოების მხრიდან ევროინტეგრაიციის მიმართ ერთგულებას გულისხმობს.

შეგიძლიათ შვებულებაში წახვიდეთ ციმბირში, ან წახვიდეთ იტალიაში. ჩემი აზრით, იტალიაში წასვლა სჯობს
კურტ ვოლკერი

რუსეთის მხრიდან ეს პიროებები გაურკვეველია. კრემლი აცნობიერებს, რომ საქართველოში მკაფიოდ პრო-რუსული ძალა ხელისუფლებაში ადვილად ვერ მოვა და შესაბამისად, მთავრობაზე ზეწოლის მოხდენას - თუ მისთვის რუსეთის მიმართ შედარებით რბილი პოლიტიკის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას - საზოგადოებრივი აზრის შექმნით ცდილობს. გარდა ამისა, „პრივილეგიის“ შეთავაზებით, კრემლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუს ქვოს ახალ რეალობად დამტკიცებად ცდილობს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაანახა, რომ კარგად ესმის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ფასი. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა არჩევანი სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს.

„შეგიძლიათ შვებულებაში წახვიდეთ ციმბირში, ან წახვიდეთ იტალიაში. ჩემი აზრით, იტალიაში წასვლა სჯობს. ის საზოგადოებები, რომლებიც, ლიბერალური, დემოკრატიული პრინციპებით ხელმძღვანელობენ, საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყველაზე მეტად ზრუნავენ. საქართველოს ასეთი საზოგადოების აშენების შანსი კიდევ უფრო გაეზრდება იმ შემთხვევაში, თუ იმ თანამეგობრობის წევრი გახდება, რომელიც ამ ღირებულებებს იზიარებს.“

საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს და არა ბრიუსელის ან ვაშინგტონის მომავალს
ჯონ ჰერბსტი

ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი საქართველოში დასავლეთის მიმართ გულგრილობის მომატებას თეთრი სახლის მიმდინარე პოლიტიკას უკავშირებს. თუმცა აცხადებს, რომ დასავლეთის ამჟამინდელ მხარდაჭერას უმნიშვნელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. გარდა ამისა, „დასავლეთთან პარტნიორობით საქართველო ყველაფრისგან დაცული არ არის, თუმცა კრემლის აგრესიის წინააღმდეგ დაცვის გარკვეული მექანიზმები აქვს. ორიენტაციის რუსეთისკენ აღებით ეს მექანიზმებიც მოიხსნება და საქართველოს გრანდიოზული კორუფციისა და ეკონომიკური უკუღმართობის პირობებში მოუწევს არსებობა,“ აცხადებს ყოფილი დიპლომატი.

2008 წლის ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დედა
2008 წლის ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დედა

ჰერბსტს მიაჩნია, რომ თუ საქართველოში საზოგადოება ამ არჩევანს მკაფიოდ ვერ ხედავს, ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია გართულდება, რადგან „დასავლეთში ყოველთვის იქნებიან სუსტი პოლიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ საქართველო რთული ქვეყანაა“ და მის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რესურსს არ დახარჯავენ.

საქართველოში ხშირად ხდება ევროპასთან დაახლოებისა და რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ურთიერთგამომრიცხავ თემებად წარმოჩენა. ასევე ისმის მოსაზრებები, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა ევროპაზე უარის თქმას ნიშნავს. სენტიმენტების ამ ფორმით ჩამოყალიბება მხოლოდ კრემლს აწყობს. ახლოვადიან პერსპექტივაში, საქართველოს სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას რუსეთთან ვაჭრობა, მშვიდობიანი ურთიერთობა, სადავო თემებზე პარტნიორების დახმარებით პოლიტიკური დიალოგის წარმოება ხელს უდავოდ შეუწყობს.

გრძელვადიან პერსპექტივაშის კი საქართველოს საზოგადოებამ ის უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ქვეყნის აშენება სურს - რუსეთის თუ ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის მსგავსის. ჰერბსტი ამბობს, რომ „საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს და არა ბრიუსელის ან ვაშინგტონის მომავალს.“

XS
SM
MD
LG