ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ხელფასი თვეში $10,000, მისი 29 წლის ქალიშვილის ქონება კი $2 მილიარდია


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 2015 წლის 1 ოქტომბერი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 2015 წლის 1 ოქტომბერი

ვლადიმირ პუტინის რუსეთის ხელისუფლებაში სტაბილური დაწინაურების პარალელურად, მისი საუკეთესო მეგობრები ქვეყანაში უმდიდრეს ადამიანებად და უკიდურესად წარმატებულ ბიზნესმენებად ყალიბდებოდნენ. თუმცა, თავად პრეზიდენტი პუტინი რიგით სახელმწიფო მოხელედ დარჩა - როგორც ამას რუსულ მედიაში და პუტინის მხარდამჭერებისგან ხშირად მოისმენთ.

საჯაროდ გამოქვეყნებულ ფინანსურ დეკლარაციაში პუტინის შემოსავალი 2014 წელს 7,65 მილიონი რუბლი იყო, რაც დაახლოებით 120 ათასი ამერიკული დოლარია. არა მხოლოდ დასავლური, არამედ რუსული სტანდარტბითაც თვეში 10 ათასი დოლარი ისეთი გავლენიანი ადამიანისთვის, როგორიც პუტინია, საკმაოდ მოკრძალებული თანხაა. დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ პუტინს ორი ბინა აქვს და მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში წილი აქვს.

მისი ფინანსური მდგომარეობისგან რადიკალურად განსხვავდება მისი უმცროსი ქალიშვილის კატერინა ტიხონოვას საბანკო ანგარიში.

ვინ არის კატერინა ტიხონოვა?

კრემლი და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები უარყოფენ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ სტატიას იმის თაობაზე, რომ 29 წლის ქალი, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებულ რამდენიმე პროგრამას ხელმძღვანელობს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უმცროსი ქალიშვილია.

„როიტერსის“ ინფორმაციით, კატერინა ტიხონოვა „მოსკოვის მომავალი თაობის ელიტაში ერთ-ერთ გავლენიან ქალად გამოიკვეთება.“ სააგენტო წერს, რომ კატერინა ტიხონოვას ვინაობის გარშემო ატეხილი ხმაურის შემდეგ, ანდრეი აკიმოვმა, რუსული საკრედიტო „გაზპრომბანკის“ თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ პირველად კატერინა მაშინ ნახა, როცა ის ბავშვი იყო, ხოლო ბოლოს კი ცოტა ხნის წინ. მისი თქმით, კატერინა პუტინის ქალიშვილია.

სააგენტოს ის ფაქტი, რომ ტიხონოვა პუტინის შვილია დამატებით ორმა წყარომ დაუდასტურა - ერთი მათგანი მოსკოვის სახელმწიფო უნივერისტეტის მაღალჩინოსანია, მეორე კი უნივერსიტეტთან დაკავშირებული მეცნიერი.

"როიტერსის" დიაგრამა, რომელზეც პუტინის ქალიშვილსა და რუსეთის პრეზიდენტის მეგობრებს შორის კავშირია ნაჩვენები
"როიტერსის" დიაგრამა, რომელზეც პუტინის ქალიშვილსა და რუსეთის პრეზიდენტის მეგობრებს შორის კავშირია ნაჩვენები


2015 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ დიაგრამაში ნაჩვენებია, თუ როგორ უკავშირდება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა „ინოპრაქტიკას,“ რომელსაც კატერინა ტიხონოვა უდგას სათავეში, პუტინი, მისი სამეგობრო წრე და მისი ქალიშვილი. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში „გაზპრომბანკის“ მაღაჩინოსანმა აკიმოვმა უარყო „როიტერსისთვის“აღნიშნული კომენტარის მიცემა.

ტიხონოვას მეუღლე კირილ შამალოვია. კირილი ვლადიმირ პუტინის ძველი მეგობრის ნიკოლაი შამალოვის შვილია. მამა შამალოვი „რუსეთის ბანკის“ ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია, ბანკის, რომელიც ამერიკის ხაზინამ „რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების“ პერსონალურ ბანკად დაახასიათა.

„როიტერსის“ შეკითხვაზე იყო თუ არა ტიხონოვა პუტინის ქალიშვილი და კირილ შამალოვის მეუღლე, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას „არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია“ კატერინას ოჯახურ კავშირებზე, პირად ცხოვრებასა თუ „კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობაზე.“

კატერინას ქონება და პროექტები

ფინანსური ანალიტიკოსების თანახმად, კატერინა და კირილი, როგორც ცოლ-ქმარი, დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ოდენობის კორპორაციულ აქტივებს ფლობენ. ეს ანალიზი საჯარო ინფორმაციას ეფუძნება, რომლებიც ნავთობისა და ბუნებრივი აირის კორპორაციაში მათ გასაჯაროებულ წილებს აჯამებს. კომპანია კირილ შამალოვმა პუტინის ერთ-ერთი დიდი ხნის მეგობრისგან გენადი ტიმჩენკოსგან იყიდა. ასევე ტიმჩენკოსგან შეიძინა წყვილმა საფრანგეთში მდებარე ვილა, რომელიც 3.7 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

წარმატებული კარიერა მხოლოდ კატერინას მეუღლეს არ აქვს. ახალგაზრდა ქალი რუსეთის აკადემიურ ელიტაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება. „როიტერსის“ მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 29 წლის ასაკში კატერინამ წარმატებით შეძლო სახელმწიფო უწყებებისგან მილიონობით დოლარის მიღება აკადემიური და კომერციული კონტრაქტების შესასრულებლად. ჟურნალისტური გამოძიება საჯარო ინფორმაციას ეფუძნება, საიდანაც ჩანს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს კატერინას დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები ან პროგრამები ასრულებს. თუმცა, ცნობილი არ არის პირადად სარგებლობს თუ არა პუტინის ქალიშვილი ამ თანხებით.

კატერინა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და პირადად ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის კამპუსის გაფართოების პროექტს. პროექტის ღირებულება 1,7 მილიარდი დოლარია და მისი შესრულების შემთხვევაში უნივერსიტეტის კამპუსი 2018 წლამდე უნდა გაორმაგდეს. პროექტის მთავარი დამფინანსებლები კომპანია „როსნეფტის“ პრეზიდენტი იგორ სეჩინი და „გაზპრომბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი აკიმოვი არიან.

კატერინას კერძო კომპანიები

კატერინა ტიხონოვას სახელზე ორი კერძო კომაპნიაა დარეგისტრირებული - „ნაციონალური ინტელექტუალური განვითარების ფონდი“ და „ნაციონალური ინტელექტუალური რეზერვის ცენტრი.“ ამ კომპანიების ოფიციალურ მრჩეველთა საბჭოში პუტინის ახლო სამეგობრო წრის რამდენიმე წევრი შედის. მათ შორის, ორი, სერგეი ჩერმეზოვი და ნიკოლაი ტოკარევი სუკის ყოფილი ოფიცრები არიან, რომლებიც ვლადიმირ პუტინთან ერთად აღმოსავლეთ გერმანიაში, დრეზდენში დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ. დღეს ჩერმეზოვი რუსეთის ტექნოლოგიური გიგანტის „როსტექის“ ხელმძღვანელია, ტოკარევი კი „ტრანსნეფტის.“

პრეზიდენტი პუტინი საკუთარი და მისი ოჯახის წევრების, მათ შორის, ქალიშვილების, პირადი ინფორმაციის დაცვას პრიორიტეტად მიიჩნევს. „როიტერსის“ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან კატერინამ და კირილმა უარი განაცხადეს. ასევე უარი თქვა კომენტარზე პუტინის პრეს-სამსახურმაც. პუტინის უფროსი ქალიშვილი მარია კიდევ უფრო მეტი საიდუმლოებითაა მოცული და მის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მის საქმიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ, უკანასკნელ პერიოდში გადაღებული მისი ფოტოსურათიც კი არ არსებობს.

ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შედარებით პუტინს ყველაზე დაბალი შემოსავალი აქვს

უმცროს ქალიშვილთან შედარებით, პუტინს მოკრძალებული შემოსავალი აქვს. საშემოსავლო დეკლარაციაში მას უწერია, რომ საზღვარგარეთ უძრავ ქონებას ან სხვა საკუთრებას არ ფლობს. პრეზიდენტის პრესმდივანმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, კრასნოდარის მხარეში მდებარე, ეგრეთწოდებული, „პუტინის სასახლე“ რუსეთის პრეზიდენტს არ ეკუთვნის. „როიტერსის“ ინფორმაციით, სასახლის მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნიკოლაი შამალოვი - კირილის მამა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის აღნიშნული კომპლექსის ასაშენებლად დაახლოებით 350 მილიონი დოლარი დაიხარჯა. საშემოსავლო დეკლარაციის თანახმად, პუტინს მხოლოდ ორი ბინა აქვს - ერთი მოსკოვში, მეორე კი სანქტ პეტერბურგში.

XS
SM
MD
LG