ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო პროგრამა ოკუპირებული ტერიტორიებისთვის


სეპარატისტული სოხუმის პრემიერის ლეონიდ ლაკერბაიას პრესსამასახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო არ გაგზავნის ავადმყოფებს სამკურნალოდ თბილისის კლინიკებში. ექსპერტ გიორგი წიკლაურის თქმით გაურკვეველია რისთვის დასჭირდა ლაკერბაიას ამ განცხადების გაკეთება, ვინაიდან საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისში, ასევე საქართველოს სხვა კლინიკებში უფასოდ მკურნალობენ და მათ ამისთვის არარვითარი ცნობა ან მიმართვა არ სჭირდებათ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია ამბობს:
” კარგად მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ითვალისწინებს ურთიერთობების აღდგენას ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებთან. ოფიციალური ურთიერთობა ვერ ხერხდება, მაგრამ ამის გამო რატომ უნდა დაიჩაგრონ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მოკლებულნი არიან ელემენტარულ უფლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების და ა.შ. სწორედ სახელმწიფო სტრატეგია შესაძლებლობას აძლევს ამ ადამიანებს რომ ყველა ის სიკეთე, რომლითაც საქართველოს მოქალაქე სარგებლობს და ზოგჯერ ცოტა მეტიც კი მიიღონ ამ ადამიანებმა. გაუსაძლის პირობებში უხდებათ მათ ცხოვრება წლების განმავლობაში. უნდა გითხრათ, რომ ეს პროგრამა საკმაოდ წარმატებით მუშაობს, რაც არ უნდა განაცხადონ იქ ზოგიერთმა ოფიციალურმა თუ ნახევრად ოფიციალურმა პირებმა. უკვე ათასობით ადამიანმა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ისარგებლა ამ შესაძლებლობით მიუხედავად იმისა, რომ ლეონიდ ლაკერბაიას მსგავსი განცხადებები ადრეც ბევრი გაკეთებულა. მაგრამ ეს არ გამხდარა დაბრკოლება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულიყვნენ.
თქვენ მიაქციეთ ყურადღება? ის ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ გაგზავნის და ა.შ. ეს ცოტა ეშმაკურად გაკეთებული განცხადებაა. განცხადებაა არა იმდენად აფხაზეთის მოსახლეობისთვის, არამედ რუსებისთვის, რომ ისინი დააწყნარონ, დააშოშმინონ, რომ თბილისში არავის გაგზავნიან. მაგრამ უწყვეტ ნაკადად მოდიან ადამიანები სამინისტროს გვერდის ავლით. ჩვენ კვლავ ვრჩებით მეგობრებად, თუმცა შექმნილმა ვითარებამ დროებით ერთმანეთს დაგვაშორა”.
5 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში განაცხადა, რომ ძალიან მალე აშშ-ი დაიწყებს ნეიტრალური პასპორტების გაცემას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, განსაკუთრებულად მათთვის, ვისაც სურს აშშ-ის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.
” ნეიტრალური პასპორტები გაიცემა არა აშშ-ის, არა დიდი ბრიტანეთის მიერ, გაიცემა საქართველოს მიერ. მაგრამ აქ მთავარია, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ის აღიარეს. ახლა ამერიკაც გახდა ის ქვეყანა, რომელიც ამ ნეიტრალურ პასპორტებს აღიარებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება სტრატეგიისა, რომელიოც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა. ნეიტრალური პასპორტი განცხვავდება ჩვენი პასპორტისგან იმით, რომ მასში არ არის აღნიშნული მოქალაქეობა, იქ არ წერია, რომ აფხაზი, რომელიც გაემგზავრება - არის საქართველოს მოქალაქე. არც ას წერია, რომ არის აფხაზეთის მოქალაქე. მოქალაქეობა არ არის აღნიშნული.
ნეიტრალური პასპორტების მიმართაც კეთდება საკმაოდ აგრესიული განცხადებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, არა მხოლოდ ნეიტრალურ, არამედ საქართველოს პასპორტსაც, სადაც მათ უწერიათ, რომ არიან საქართველოს მოქალაქეები, მშვენივრად იღებს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე აფხაზეთში მცხოვრები და სარგებლობს ამით”.
გვესაუბრებოდა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან, ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
XS
SM
MD
LG