"ამერიკის ხმამ" ხუთშაბათს განაცხადა, რომ სამსახურიდან დაითხოვა და სამსახურებრივი მოვალეობის შეჩერების რეკომენდაცია გასცა დასავლეთ აფრიკის, ჰაუსას ენის რედაქციის თანამშრომლების ნახევარზე მეტის მიმართ. "ამერიკის ხმის" დირექტორის თქმით, ისინი სხვა ქვეყნის ოფიციალური პირებისგან თანხას იღებდნენ.
შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ახალი ამბების სააგენტოს დირექტორმა, ამანდა ბენეტმა თანამშრომლებთან გაგზავნილ ელექტრონულ წერილში აღნიშნა, რომ მან "15 თანამშრომლის სამსახურეობრივი მოვალეობის შეჩერების ან დათხოვნის რეკომენდაცია გასცა“. მისი თქმით, გენერალური ინსპექცია თანამშრომლების მიერ უკანონო ანაზღაურების მიღების საქმეს შეისწავლის.
გამოძიების მიხედვით, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, ფულის მიწოდება განხორციელდა ვაშინგტონში "ამერიკის ხმის" ოფისში ან მასთან ახლოს. ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, თუ რა თანხაზეა საუბარი. რედაქცია აგრძელებს მუშაობას და ჰაუსას რედაქციის დირექტორის მოვალეობას ყოფილი ხელმძღვანელი შეასრულებს.
ჰაუსას რედაქცია 20 მილიონიან აუდიენციას ფარავს და ნიგერიაში, ნიგერში, განაში, ჩადში და კამერუნში მაუწყებლობს.
Facebook Forum