ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასწარი არჩევნების შედეგები


რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ერიკ კენტორმა ვირჯინიაში წინასწარი არჩევნები წააგო

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ერიკ კენტორმა ვირჯინიაში წინასწარი არჩევნები წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შუალედურ არჩევნებში კონგრესის წევრობაზე კენჭს ვეღარ იყრის.

კენტორი კოლეჯის პროფესორმა დევიდ ბრატმა, დამაჯერებლად დაამარცხა. ბრატი ულტრაკონსერვატიული „ჩაის სმის მოძრაობის“ კანდიდატი იყო. გამარჯვების შემდეგ მან განაცხადა:

„ჩვენ ამ კამპანიაში იმის გამო გავიმარჯვეთ, რომ არჩევნებში ხმას დოლარები არ აძლევენ - თქვენ აძლევთ. ეს კამპანია ამერიკულ ფუნდამენტურ ღირებულებებს და იმ პრინციპს ეხებოდა, რომ ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს.“

ბრატმა კენტორთან შედარებით გაცილებით ნაკლები წინასაარჩევნო თანხა მოიზიდა. თუმცა, მან კონსერვატიული მოსახლეობის ხმების მოპოვება მაინც შეძლო. ბრატი ოპონენტს საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით აკრიტიკებდა. კენტორი არალეგალი ემიგრანტებისთვის ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად შედარებით ადვილ და სწრაფ გზას უჭერდა მხარს. ბრატი კი ამ პოლიტიკას ეწინააღმდეგება და მას „ამნისტიას“ უწოდენს.
XS
SM
MD
LG