ვენა-
მსოფლიო ლიდერები, რომლებიც ვენაში სირიის პოლიტიკური მომავლის საკითხებს განიხილავენ, პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს ეხმიანებიან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორენ ფაბიუსი აცხადებს, რომ პარიზში მომხდარი მოვლენები აჩვენებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას საერთაშორისო მხარეების კოორდინაციის აუცილებლობას.
შაბათს, ფაბიუსმა ვენაში აღნიშნა, რომ "საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმოს ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის რეაგირების მოსახდენად. "
ფაბიუსი პარიზში შაბათსვე დაბრუნდება. კვირას, საგარეო მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტის ნაცვლად გაემგზავრება თურქეთში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც ვენის შეხვედრას ესწრება აღნიშნა, რომ შეკრებილები დაეთანხმნენ იმ მოსაზრებას, რომ "პარიზში, ბეირუთსა და ერაყში ბოლოს მომხდარი მოვლენები პლანეტის მასშტაბით ყველაზე საშინელი და აღმაშფოთებელი აქტები იყო."
კერიმ ასევე მოკლედ ილაპარაკა რუს კოლეგასთან-სერგეი ლავროვთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე. უმაღლესი ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, სერგეი ლავროვი ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ საუბრობს ტერაქტებთან დაკავშირებით.
ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს, რომელიც ამ მოლაპარაკებებზე შაბათს უნდა ჩასულიყო, მისი მოადგილე წარმოადგენს.
მოლოდინები
ვენის მოლაპარაკებებს პესიმისტური მოლოდინები ახლავს.
ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის ექსპერტი ენტონი კორდესმანი ამბობს, რომ მას პროგრესის შესახებ ეჭვები აქვს.მისი თქმით, მაშინაც კი თუ მსოფლიოს ქვეყნები ერთგვარ შეთანხმებას მიაღწევენ, ამ შეთანხმებას არანაირი ლეგიტიმური ძალა არ ექნება სირიაში მებრძოლ, დაპირისპირებულ ძალებზე გავლენის მოსახდენად.