ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გაკვეთილია ხავერდოვანი რევოლუცია საქართველოსთვის?


30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩეხეთის და სლოვაკეთის მოსახლეობამ უარი უთხრა კომუნისტურ რეჟიმს. პოლონეთის, უნგრეთის და ბერლინის მოვლენებით შთაგონებული ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობა ცვლილებების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო ტალღა სტუდენტური გამოსვლებით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით სახალხო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

მაშინ სტუდენტური პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი, სიმონ პანეკი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დასაწყისს იხსენებს და ამბობს რომ ინფორმაციის გავრცელებაში „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ მნიშნელოვან როლი ჰქონდა. ის აცხადებს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა და სირთულეებისა, 1989 წელმა მდგომარეობა რადიკალურად და უკეთესობისკენ შეცვალა.

„დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი და თავისუფლება უფრო რთულია ვიდრე გვეგონა. მე 22 წლის ვიყავი, დასავლეთში ნამყოფი არ ვიყავი, წიგნებიდან ვიცოდი ცოტა რამ. ქვეყნებისთვის რა თქმა უნდა სირთულეს წარმოადგენს უკეთესი საზოგადოების, სისტემის და სახელმწიფოს აშენება, მათ შორის საქართველოსთვის, სომხეთისთვის და უკრაინისთვის. რეალური დემოკრატიის შექმნას, რომელიც მხოლოდ ელიტისთვის არაა, ბევრი მუშაობა სჭირდება“, - ამბობს ის. „კომუნიზმის ჩვეულებების და თაღლითური ეთიკის გადაგდებას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე გვეგონა“, - ამბობს ის.

თუმცა პანეკს არ ეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი, ანჯელა სტენტი. ის ამბობს, რომ 1989 წლის მიზნები ჯერ მიღწეული არაა.

„ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უკუსვლას ვხედავთ, უფრო ავტორიტარულ მთავრობებს. ხალხი უკეთესად ცხოვრობს ეკონომიკურად, თუმცა პოლიტიკურად ვხედავთ პოპულიზმის აღმასვლას და არალიბერალურ დემოკრატიას“, - ამბობს ის.

1989 წელი, „ისტორიის დასასრულად“ და ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვებად იქნა აღიარებული. სამი ათწლეულის თავზე, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, დემოკრატიული პროცესების გარშემო კითხვები არსებობს, რისი გამოც ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 1989 წლის მიღწევებს. „უკუსვლას გარკვეულწილად ვხედავთ, განსაკუთრებით პოლონეთში და უნგრეთში. თუმცა პოპულისტები მთელს ევროპაში არიან წარმატებულნი, ცენტრალური ევროპის პრობლემა ისაა, რომ არ არიან პოლიტიკოსები რომლებიც ამასთან გამკლავებას მოახერხებდნენ“, - ამბობს პანეკი.

1993 წელს ჩეხოსლოვაკია გაიყო. ჩეხეთმა და სლოვაკეთმა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა დაიწყეს. ორივე ქვეყანამ კომუნიზმიდან კაპიტალიზმამდე რადიკალური გზა გავლო. ცენტრალური ევროპა, დემოკრატიული გარდაქმნები და გზა ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციიკენ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და უკრაინაა, მოდელი გახდა.

მარტინ ბუტორა, სლოვაკეთს რესპუბლიკის ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში და ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის მრჩეველი, ამბობს, რომ დღეს ამ ქვეყნებს უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ ვიდრე მათ ცენტრალურ ევროპელ კოლეგებს.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ის რევოლუციები, რომლებმაც აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმი დაასრულა, ძალიან ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში მოხდა. ეს არ იყო ისტორიის დასასრული. ეს იყო ისტორიული ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელი გახდა რამდენიმე ფაქტორით: არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის და რუსეთის სისუსტით, არა მხოლოდ არაფუნქციური რეჟიმებით, არამედ იმიტომაც, რომ ის დემონები რასაც დღეს ვხედავთ, მაშინ არ გვხდებოდა“, - ამბობს ბუტორა დასავლეთის სიმტკიცეზე და ამბობს, რომ გეოპოლიტიკური დაბრკოლებების მიუხედავად საქართველომ და სხვებმა მიზნისკენ სვლა არ უნდა შეწყვიტონ.

„და მიუხედავად იმისა, რომ ხალხს საქართველოში და სხვაგან უფრო მეტი დაბრკოლება ხვდებათ, [ცვლილებები] მეტს ითხოვს მათგან და უფრო მეტის გადალახვა უწევთ, ეს უფრო მეტ მნიშვნელობასაც იძენს... რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთონ, რადგან ისინი უფრო რთული პოლიტუკური ვითარების წინაშე არიან: ჩინეთის აღმასვლის თუ რუსეთის რევიზიონიზმის წინაშე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის გადალახვა შეუძლებელია“, - აცხადებს ის.

„ხავერდოვანი რევოლუციიდან“ 30 წლისთავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის სკოლამ ღონისძიება მიუძღვნა, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი იყო. ოლბრაიტი პრაღაში, ჩეხი დიპლომატის ოჯახში დაიბადა. ოლბრატიმა ხაზი გაუსვა, რომ იმის მიუხედავად, რომ მას ხშირად აკრიტიკებენ პრაღის და ბრატისლავის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის გამო, ის ამ ნაბიჯს მისი კარიერის ერთ-ერთ მთავარ წარმატებად მიჩნევს.

„არსებობს ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთთან მტრობა ნატოს გაფართოებამ განაპირობა, ეს არასწორია. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ნატო რომ არ გაფართოებული და ეს ტერიტორია ახლა მარტო დარჩენილიყო. საინტერესოა იმის გარკვევა, თუ სად იწყება ისტორია და მთავრდება, თუმცა არ არსებობს კითხვები იმაზე, რომ ჩეხების და სლოვაკების მდგომარეობა და ის სამეზობლო, რომელშიც არიან, ძალზედ რთულია“, - ამბობს ის.

1989 წელი ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფად, დასავლური დიპლომატიის გამარჯვებად და თავისუფლების კომუნიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ დარჩა ისტორიას. რონალდ რეიგანის და მარგარეტ ტეტჩერის მეთაურობით, შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დემოკრატიულ გარდაქმნებში. თუმცა, დასავლური ერთიანობა და მისი როლი საერთაშორისო არენაზე, დღეს, დებატების საგანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG