ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი არჩეულია


ოთხშაბათს საღამოს ვატიკანი რომის ახალ პაპს აღტაცებით შეეგება

ვატიკანში წმიდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოსულმა კარდინალმა ჟან ლუის ტურანმა ახალი პაპის ვინაობა გამოაცხადა. ეს არის რომის პირველი სამხრეთ ამერიკელი პაპი, წარმოშობით არგენტინელი კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო. ჯერჯერობით ცნობილია, რომ რომის 266-ე პაპი 76 წლისაა და მან მთელი ცხოვრება სამხრეთ ამერიკაში გაატარა. ახალ პაპს სახელიც ახალი ექნება: ფრანცისკი. ვატიკანში შეკრებილი ათასობით კათოლიკე ახალ პაპს აღტაცებული შეძახილებით შეხვდა. მათ ერთად წაიკითხეს "მამაო ჩვენო". შემდეგ პაპმა მრევლს სიტყვით მიმართა და ერთმორწმუნეთ დალოცვა სთხოვა.

რომის პაპი მსოფლიოს 1.2 მილიარდი რომაული კათოლიციზმის მიმდევრისთვის ეკლესიის მთავარი წინამძღოლია. კარდინალთა კოლეგიამ კონკლავის სახელწოდებით ცნობილი დახურული არჩევნები სამშაბათს დაიწყო. პირველი დღე შავი კვამლით დასრულდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა საკმარისი ხმები. გამარჯვებულს სულ ცოტა 115-დან ორი მესამედი, მინიმუმ 77 ხმა უნდა მოეგროვებინა. დღეს საღამოს სიქსტის კაპელის სახურავზე თეთრმა კვამლმა მსოფლიოს კათოლიკეებს ახალი პაპის არჩევის შესახებ აუწყა.
XS
SM
MD
LG