ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ იქნება რომის შემდეგი პაპი?


კარდინალები კონკლავამდე შეხვედრებს მართავენ და ეკლესიის მდგომარეობაზე და მომავალი პაპის კანდიდატურებზე მსჯელობენ

2013 წლის თებერვალში რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ რომაული კათოლიციზმის მღვდელთმთავრობაზე უარი თქვა. პაპის მოულოდნელმა ნაბიჯმა 1.2-მილიარდიანი კათოლიკური ეკლესიის ბევრი წარმომადგენლის გაკვირვება გამოიწვია. ბენედიქტე XVI-მ მაშინათვე განაცხადა, რომ ის მომდევნო პაპს „უპირობო პატივისცემას და მორჩილებას“ უცხადებდა.

ვიდრე კონკლავი, კარდინალთა კოლეგიის ფარული შეხვედრა შედგება, რომელიც რომის ახალ მთავარეპისკოპოსს, კათოლიკური ეკლესიის მიწიერ ხელმძღვანელს აირჩევს, კარდინალები საკონსულტაციო შეხვედრებს მართავენ, რომელზეც ზოგადად ეკლესიის მდგომარეობაზე და მომავალი პაპის კანდიდატურებზე მსჯელობენ. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს რომის ახალი პაპი? მამა თომას რისი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ კარდინალები ისეთ კანდიდატს ეძებენ, რომელიც კათოლიკეთა გზავნილს ხალხს უკეთ მიაწვდის.

ყველაზე მნიშვნელოვნად ის მიმაჩნია, რომ იპოვო გზა, სახარება 21-ე საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ისე მიაწოდო, რომ ის ერთდროულად გასაგებიც იყოს და მომხიბლავიც. ჩრდილოეთში, ევროპაშიც და შეერთებულ შტატებში ჩვენ მოწმე ვართ იმის, რომ ახალგაზრდა თაობა ეკლესიას ტოვებს. და - არამხოლოდ კათოლიციზმს, არამედ ზოგადად ქრისტიანულ მიმდინარეობებს და სხვა რელიგიებსაც. როგორ მოვაბრუნოთ ისინი ქრისტეს სიტყვისკენ, აი ეს არის მთავარი გამოწვევა“ - აღნიშნავს მამა თომას რისი.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

მას ეთანხმება მამა რობერტ ბარონი, ჩიკაგოს მანდელეინის სემინარიის რექტორი. მისი თქმით, ისეთი პაპია საჭირო, რომელიც სახარების თანამედროვე მქადაგებელი, დამწინაურებელი იქნება.

„როდესაც ამას ამბობ, გულისხმობ გამჭრიახ ადამიანს, რომელიც თეოლოგიაში ძალზე განსწავლულია, აქვს ბრწყინვალე კომუნიკაციის და უბადლო გადმოცემის უნარი. ბევრი უცხო ენა უნდა იცოდეს. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად უმთავრესი კრიტერიუმი მაინც მთელ მსოფლიოში სახარების ეფექტურად ქადაგების ნიჭი იქნება“ - აღნიშნავს მამა რობერტ ბარონი.

ანალიტიკოსები იმასაც შენიშნავენ, რომ შეიძლება დადგა დრო, როცა კარდინალთა კოლეგიამ ისეთი წინამძღოლი უნდა აირჩიოს, რომელიც აღარ იქნება ევროპელი. კათოლიკეთა 42 პროცენტი სამხრეთ ამერიკაში და 24 პროცენტი აფრიკაში ცხოვრობს, სადაც კათოლიკური ეკლესია განსაკუთრებით იზრდება და ძლიერდება. ამის მიუხედავად კარდინალთა ნახევარზე მეტი ევროპელია, რაც მათ პაპის არჩევის დროს მეტ უპირატესობას ანიჭებს.

ექსპერტების აზრით, კათოლიკურ ეკლესიას კარგი მენეჯერიც ესაჭიროება, რომელიც კურიის სახელწოდებით ცნობილი ვატიკანის ბიუროკრატიის რეფორმირებას შეძლებს. კურიასთან კორუფციის მრავალი ფაქტი ასოცირდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ბენედიქტე XVI-ს მსახურთუფროსის მიერ დოკუმენტების მოპარვის სკანდალური შემთხვევაცაა. მამა თომას რისი ამ საკითხს ცოტა სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ვატიკანის ბიუროკრატიასთან ბრძოლაზე საუბარი ათეულობით წლის მანძილზე მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად რეფორმის განხორციელება ვერცერთმა პაპმა ვერ მოახერხა.

ასევე მიმდინარეობს სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ გადამდგარი პაპი ერთგვარ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგზე და ზოგადად მომავალ საეკლესიო ცხოვრებაზე. ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები შედარებით ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ პრობლემას ამმხრივ ვერ ხედავენ. მითუმეტეს, რომ ბენედიქტე მე-16 იმის გამო, რომ ის 80-ს გადაცილებულია, კარდინალთა კოლეგიის კონკლავზე ხმის მიცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ის ამჟამად რომის გარეუბანში საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფება და საცხოვრებლად ვატიკანში მისთვის საგანგებოდ გამოყოფილ რეზიდენციაში გადასვლას ელოდება.
XS
SM
MD
LG