ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზიური ინტერვიუ ვალერი ძუცევთან


ექსკლუზიური ინტერვიუ ვალერი ძუცევთან
ექსკლუზიური ინტერვიუ ვალერი ძუცევთან

ჯეიმსტაუნის ფონდის ჩრდილოეთ კავკასიის საკითხთა ექსპერტი თავის მოსაზრებებს გვიზიარებს ყაბარდო-ბალყარეთში ბაკსანსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

გუშინ ყაბარდო-ბალყარეთში ჩრდილოეთ კავკასიელმა მეამბოხეებმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს ბაკსანსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს ობიექტი მწყობრიდან გამოვიდა. თავის მოსაზრებებს მომხდართან დაკავშირებით ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას ჯეიმსტაუნის ფონდის ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების სპეციალისტი ბატონი ვალერი ძუცევი უზიარებს.

აი როგორ გამოეხმაურა ვალერი ძუცევი ყაბარდო-ბალყარეთში ბაკსანსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას:

„სიმართლე გითხრათ, მომხდარმა მე სულაც არ გამაკვირა რადგან მდგომარეობა ყაბარდო-ბალყარეთში დღითიდღე უარესდებოდა. თუმცა რასაკვირველია ის რაც მოხდა თავდასხმების ახალ მეთოდებზე მეტყველებს. მართალია ამ თავდასხმამ მეამბოხეების წინააღმდეგობა სულ სხვა დონეზე აიყვანა, ამგვარი იერიში ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა და ჩემთვის ეს მოულოდნელი ნამდვილად არ იყო.“

ძუცევს მიაჩნია, რომ ყაბარდო-ბალყარეთში მდგომარეობის აშკარა გაუარესება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. უწინარეს ყოვლისა, პრეზიდენტს არსენ კანოკოვს თუ დავუჯერებთ, სექტემბერში მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების მოახლოვების ფონზე გამოჩდნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეამბოხეთა მოძრაობასა და ტერორისტულ თავდასხმებს იყენებენ რათა მოსკოვმა თვალნათლივ დაინახოს, რომ მას რესპუბლიკაში სიტუაციის გაკონტროლება უბრალოდ არ ძალუძს. ამასთან დაკავშირებით ძუცევმა აღნიშნა:

„მოვლენების ამგვარი ახსნა არ არის საფუძველს მოკლებული რადგან სხვა რეგიონებში, მაგალითად, დაღესტანში მეამბოხეები ზოგჯერ სხვა ძალებთან თანამშრომლობენ.“

სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე ასეთი გამბედავი თავდასხმა, ძუცევის აზრით, შეიძლება აგრეთვე იმით აიხსნას, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთის უშიშროების სამსახურებმა მოკლეს ყაბარდო-ბალყარეთის მეამბოხეთა საძმოს ანუ ჯამაათის ლიდერი ანზორ ასტემიროვი. ამდენად ბაკსანსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმა ასტემიროვის ყოფილი მომხრეების მხრიდან შურისძიების აქტს წარმოადგენდა. ძუცევის თქმით, ასტემიროვის სიკვდილიდან მოყოლებული მდგომარეობა ყაბარდო-ბალყარეთში უკიდურესად დაიძაბა, რაც თითქმის ყოველდღიურ თავდასხმებში გამოიხატება.

„მესამე შესაძლო მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში შეინიშნება საერთო მღელვარება, რაც როგორც მოახლოვებულ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, ისე ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხს უკავშირდება. ამდენად სამივე ფაქტორი შეიძლება ერთდროულად ხელს უწყობდეს მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას,“ აღნიშნავს ძუცევი.

ძუცევის თქმით, იგი გაოცებული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილის ალექსანდრე ხლოპონინის განცხადებით, რომელმაც ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმის შემდეგ ყაბარდო-ბალყარეთში ჩასვლისას განაცხადა, რომ რუსმა კაზაკებმა უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულონ ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოების დამყარებაში. ძუცევის აზრით, ეს ინიციატივა დამღუპველი იქნება რადგან შედეგად ეთნიკური დაძაბულობა გაიზრდება, რასაც უთუოდ სისხლისღვრა მოჰყვება.

ამ ბოლო დროს რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის სტაბილიზაცია შეუძლებელია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების გარეშე. კითხვაზე არის, თუ არა ყაბარდო-ბალყარეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა იმის მოსასწავებელი, რომ ეს უფრო საზრიანი პოლიტიკური კურსი შეიძლება კრახით დასრულდეს, ძუცევმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„აშკარად შეინიშნება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს შეცვალოს თავისი მიდგომა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. ამ ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინება არის იმის აღიარება, რომ მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო მეთოდებისა და ადგილობრივ ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მაგივრად აუცილებელია ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარება. მაგრამ თუ ამ ახლებური მიდგომის ელემენტებს ჩაუწვდებით, მაშინ თქვენ უთუოდ აღმოაჩენთ, რომ პრეზიდენტ მედვედევისა და პრემიერ მინისტრ პუტინის ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების პროექტი ფოკუსირებულია მხოლოდ უმუშევრობის შემცირებაზე. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებთან შედარებით, უმუშევრობის დონე ჩრდილოეთ კავკასიაში გაცილებით მაღალია და ზოგიერთ რესპუბლიკაში სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი ფაქტობრივად უმუშევარია. მაგრამ თუ დეტალებს დაუკვირდებით, დაინახავთ, რომ სინამდვილეში ყოველივე ეს ბლეფია რადგან, პრემიერ მინისტრმა პუტინმა თავის გამოსვლაში ახსენა, რომ მთავრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რათა ეკონომიკური ზრდის დონემ ჩრდილოეთ კავკასიაში 10 პროცენტს მიაღწიოს, რაც უბრალოდ შეუძლებელია. მოგეხსენებათ, რომ მაშინაც კი როცა ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები იყო, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი წელიწადში მხოლოდ 7.7 პროცენტს აღწევდა. ამას გარდა, გაოცებას იწვევს ჩრდილოეთ კავკასიაში 15 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციების დაბანდების დაპირება, რომელიც კრემლის განცხადებით, რეგიონში ხუთი სათხილამურო კურორტის აშენებას უნდა მოხმარდეს, რაც დღევანდელი ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. ამდენად რეგიონის ეკონომიკური განვითარების სფეროში მე დიდ წარმატებებს ნამდვილად არ ველი.“

XS
SM
MD
LG