ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექიმის 48 დღიანი ტყვეობა დასრულდა


ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. მან ცხინვალის იზოლატორი 28 დეკემბერს, დილით, მას შემდგომ დატოვა, რაც წინა საღამოს დე-ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვს შეწყალების წერილით მიმართა. მისი განცხადება 12 საათში დააკმაყოფილეს.

უკვე საღამოს შვიდ საათზე საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში ვაჟა გაფრინდაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა და მისი დაკავებისა და განთავისუფლების შესახებ ისაუბრა, რომელიც მადლობის სიტყვებით დაიწყო.

„როგორც ჩანს მეათასე დაკავებული ვიყავი და განსაკუთრებული პატივი მერგო, ტურისტული მომსახურებით, საგანგებო ექსკურსიებითა და ვიდეო სანახაობებით“ - იხუმრა ექიმმა, თუმცა ყველასთვის ცხადი იყო, რამდენად მძიმე მდგომარეობის თაობაზე საუბრობდა ის.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია ახალციხეში
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია ახალციხეში

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა ცხინვალის ციხეში 7 კვირას გაგრძელდა და მან დე-ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებული ტერიტორია ისე დატოვა, რომ მისი ოფიციალური არსებობა არ უღიარებია. „თავადვე მთხოვეს, შეწყალების ტექსტი ისე შეგვედგინა, რომ არ გვესაუბრა ტერიტორიის აღიარების თაობაზე, თუმცა როდესაც შეწყალებისთვის მიმართავ, როგორც წესი, ბრალს აღიარებ. მე, ჩემ განცხადებაში ბრალი იმის თაობაზე, რომ საზღვარი გადავკვეთე, არ მიღიარებია“,- აცხადებს ექიმი.

9 ნოემბრიდან, იმ დღიდან, რაც ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის მიმართულებით გაემგზავრა, არავინ იცოდა მისი ამ ქმედების ზუსტი მიზეზი. ბრიფინგზე ექიმმა განაცხადა, რომ ის პაციენტის მოსანახულებლად წავიდა. „ამას დახმარება ნაკლებად ეთქმის, უფრო მოსანახულებლად წავედი. რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ მონასტერში, ერთ-ერთ ორღობეში დამაკავეს. მე მათთვის არ მითქვამს რეალური მიზეზი იმისა, თუ რა იყო ჩემი მოგზაურობის მოტივი და განვუცხადე, რომ მინდოდა ეკლესიის ნახვა მონასტერში,“- ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი. პაციენტის ვინაობა ექიმაა არ გაამხილა, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

„ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ვიცი, რაცაა საზღვრის გადაკვეთა. სასჯელის, წელიწადი და 9 თვის მოსჯა ჩემთვის იყო არა ჩემი საქციელის გამო, არამედ იმისთვის, რასაც ვამბობდი. მე პირველივე დღესვე ვთქვი ყველასთან, რუსი მესაზღვრე იყო ეს, თუ ცხინვალის ფსბ თუ კგბ-ს წარმომადგენელი, რომ საზღვარი არ დამირღვევია, მე ვიმყოფები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ და რომ საქართველოს საზღვარი გადის ფსოუსთან და როკის გვირაბთან“,- ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ ამ თემით დე-ფაქტო ადმინისტრაციამ, შეიძლება ისპეკულიროს. „მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ადგილობრივი ოსებისგან გამოგზავნილი საკვებით ვარსებობდი, უარს ვამბობდი ციხის საჭმელის მიღებაზე. განსაკუთრებით, პირველი ოთხი დღე მხოლოდ პურსა და კვერცხს ვჭამდი. შემდგომ კი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე ვიყავი. სასამართლოზე ამის გამო მათ მადლობა გადავუხადე და ბოდიში მოვუხადე იმისთვის, რომ ჩემს გამო შეაწუხეს და არა იმიტომ, რომ მე შევაწუხე. სპეკულაციებს რომ ადგილი არ ჰქონდეს, ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო“,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია

ექიმმა ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა პირობებში უწევდა მას ყოფნა ცხინვალის ციხეში: „პირველი ოთხი დღე ვიყავით წინასწარი მოთავსების იზოლატორში, სადაც ერთი საწოლი და ორი „ტაფჩანი“ იყო, ვიყავით ოთხნი, ორი ჩავდიოდით ქვემოთ, კარცერში, რომელსაც ფანჯარა არ ჰქონდა... ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონდათ ჩემს მიმართ. ორი იყო ნაცემი და იქაური დარაჯებიც უკმაყოფილო იყვნენ ამით, ამბობდნენ, რომ რუსებმა სცემესო.“

ვაჟა გაფრინდაშვილისთვის განთავისუფლება მოულოდნელი იყო. „შემოვიდნენ და მითხრეს, უნდა წახვიდეო, ჩემი ნივთებიც კი არ ჩამილაგებია მე თვითონ. მიწის თხილი და შოკოლადის ფილა მქონდა და ახალი წლისთვის ვინახავდი, ვიფიქრე, თუ საერთო სუფრა გაიშლება, ჩემი წილი ეს იქნება და თუ გამიშვებენ, აქ დავუტოვ თანამესაკნეებს-მეთქი, მაგრამ ვერ მივაქციე ყურადღება. უდიდესი წვლილია ჩემს განთავისუფლებაში ჩემი ოჯახის, მეგობრების, თითოეული თქვენგანის“,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია ოძისში. 15 დეკემბერი.2019
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია ოძისში. 15 დეკემბერი.2019

დე-ფაქტო ადმინისტრაციის ვებგვერდზე, სადაც მიმოიხილავენ ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების ამბავს, ნათქვამია, რომ მსგავსი „დარღვევის“ გამო რუსი მესაზღვრეები თვეში დაახლოებით, ათ ადამიანს აკავებენ. „ჩვეულებრივ, ესენი არიან მწყემსები, ადგილობრივი გლეხები, ახლოს მდებარე ქართული სოფლების მცხოვრებლები. მათ ათავისუფლებენ და აძევებენ სამხრეთ ოსეთიდან ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდომ... ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში კი ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა ორმაგი სტანდარტი - გაკეთდა უამრავი განცხადება, დაიგზავნა წერილები და განხორციელდა ზარები, დაორგანიზდა აქციები და სხვა პერფორმანსები მხოლოდ იმიტომ, რომ დაკავებული აღმოჩნდა ექიმი.“

ქართველებისთვის გლეხები, მწყემსები და „უბრალო ხალხი“ არაფერს ნიშნავს და მხოლოდ ცნობილი სახეებისა და „მაღალი ფენის“ წარმომადგენლების მდგომარეობის გამო შეიძლება შეშფოთდეს ხელისუფლება - დე-ფაქტო ადმინისტრაციაში ამგვარი ნარატივის დამკვიდრებას ცდილობენ.

„ზეჰუმანური ქართული საზოგადოება, ალბათ მოითხოვს, რომ განსაკუთრებული სტატუსის მატარებელ ადამიანები, ცნობილი სახეები გამოვყოთ და მათ მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება გამოვავლინოთ. ასე რომ, სასაზღვრო სამსახურს მოუწევს ფოკუსირდეს ქართველებისთვის არასასურველ გლეხებზე, მწყემსებზე, შეშის მჭრელებზე და მოხუცებზე, ვისაც აქვს ამ ტერიტორიებზე ორიენტაციის პრობლემა... ვაჟა გაფრინდაშვილის გამო ქართული მხარის უპრეცენდენტო აქტივობიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, საქართველოში, როგორც ჩანს, სწორედ ამგვარად წესრიგდება სახელმწიფო საზღვრების დაცვის საკითხები,“- აცხადებენ დე-ფაქტო ცხინვალში.

გზავნილი ოსი ექიმებისთვის: ექიმის თეთრი ხალათი. ოძისი, 15 დეკემბერი 2019
გზავნილი ოსი ექიმებისთვის: ექიმის თეთრი ხალათი. ოძისი, 15 დეკემბერი 2019

დე-ფაქტო ადმინისტრაციის გამოცემა ამბობს, რომ სასამართლო განხილვებისა და ჯარიმის გარეშე ისინი ათავისუფლებენ მოზარდებს, სასულიერო პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებსა და ქალებს. მიუხედავად ასეთი განცხადებისა, არსებობს როგორც მოზარდების დაკავების შემთხვევები, ისე სასულიერო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა. ქალებთან მიმართებით, ოსური გამოცემა თავადვე ახსენებს მაია ოთინაშვილის შემთხვევას, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა 2018 წლის სექტემბერში საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს ხურვალეთში და ამ დაკავებას ხსნის არა იმით, რომ მაია ოთინაშვილმა „საზღვარი დაარღვია“, არამედ აცხადებს, რომ ეს ქალი „თანხის სანაცვლოდ ეხმარებოდა ახლო-მახლო სოფლების მაცხორებლებს საზღვრის გადალახვაში.“

ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში ყოფნისას აჩვენეს ვიდეო-კადრები, რაც ასახავდა ძარასა და ერედვის ტრაგედიებს - „ყველაზე არაადამიანური დანაშაული შემთხვევებს, რაც ქართველებმა ჩაიდინეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ“ - ამგვარად განმარტავს მათ დე-ფაქტო ადმინისტრაციის გამოცემა. მათივე შეფასებით, „კადრებმა ვაჟა გაფრინდაშვილზე შთაბეჭდილება მოახდინა და შესაძლოა, უბიძგა მას დამოუკიდებლად დაფიქრებულიყო იმის თაობაზე, თუ როგორ არ იექცეს ქართული პოლიტიკის პროპაგანდისტული კლიშეების მსხვერპლად „ოსური სეპარატიზმის“ შესახებ.“

სამხრეთ ოსეთში გახარებულები არიან იმის გამო, რომ „თეთრხალათიანი მსხვერპლის“ ხატის შექმნა თავიდან აირიდეს. ამის თაობაზე დე-ფაქტო ადმინისტრაციის გამოცემა ღიად წერს და ღრმა „პოლიტ-ანალიზსაც“ არ ერიდება, რომლის თანახმად, ექიმი პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. „რადგან საქართველოში არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზეა, გაფრინდაშვილს კი წელიწადი და ცხრა თვე ჰქონდა მისჯილი, მისთვის ცხადი გახდა, რომ არჩევნებამდე ვერ გამოვიდოდა, ამიტომაც მხოლოდ ისღა დარჩა, შეწყალება ეთხოვა და ამით უარი ეთქვა თავის პოზიციაზე საზღვრის უღიარებლობის შესახებ“,- წერენ სამხრეთ ოსეთში და დასძენენ, რომ შეწყალებით პროვოკაციის ორგანიზატორების მიზნები ჩაიშალა: „გაფრინდაშვილმა და მისმა კურატორებმა, საბოლოო ჯამში, საწინააღმდეგო რეზულტატი მიიღეს“!

თამილა ლაფანაშვილი, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე ოძისში
თამილა ლაფანაშვილი, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე ოძისში

პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში, მას შემდგომ, რაც ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლების თაობაზე შეიტყვეს, ქართველ პოლიტიკოსებს დრო დასჭირდათ, რომ გაეცნობიერებინათ საკუთარი წაგება და მოეფიქრებინათ, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდათ ახლად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე - ასე მიიჩნევენ ცხინვალში. ხოლო დე-ფაქტო ადმინისტრაციის ქმედებას, როდესაც მათ სასწრაფო წესით გამოუშვეს ვაჟა გაფრინდაშვილი შეწყალების აქტზე ხელმოწერის შემდგომ, გამარჯვებად აფასებენ: „დე-ფაქტო ადმინისტრაციამ დემონსტრაციულად წარმოადგინა, რომ არავის შეუძლია უკანონოდ დაარღვიოს საზღვარი.“

გარდა იმისა, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას საკუთარი მუშაობის შედეგად მიიჩნევენ პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსები. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, ირმა ინაშვილი, ასევე მომღერალი პაატა ბურჭულაძე, განსაკუთრებით საყურადღებო გახლავთ ამბავი, რაც ექიმის განთავისუფლების წინა დღეს ახალგორში დატრიალდა - მოსახლეობასთან შეხვედრაზე მყოფი დე-ფაქტო ადმინისტრაციის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობისგან წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა.

შეხვედრა, რაც ხელისუფალისადმი მორჩილების დემონსტრირების მორიგი სანახაობა უნდა ყოფილიყო და სადაც უნდა ესაუბრობათ იმის თაობაზე, თუ როგორი წარმატებული და კეთილგონიერია მმართველი ელიტა, ახალგორში განსხვავებულად წავიდა. ოთხი თვის განმავლობაში ბლოკადაში მყოფმა მოსახლეობამ ბიბილოვის მიმართ პრეტენზიები წამოაყენა და თან ეს იმდენად უმწეო ფორმით, რომ ამით უცხადესად გაშიშვლდა ის უმძიმესი სოციალური კრიზისი, რაც დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა. ბიბილოვთან შეხვედრაზე უმწეო ქალები, დედები ტიროდნენ, ხელისუფალს საყვედურობდნენ, რომ შვილი გარდაეცვალათ და დაკრძალვაზე ვერ წავიდნენ, წამალი სჭირდებათ და კვდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ ის ადამიანებს გადაადგილების უფლებას უზღუდავს. „ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, სამი თვეა წამლები ვერ ავიღე, მესიჯი მესიჯზე მომდის ჩემი ექიმისგან, რომ უნდა მივიდე კლინიკაში და ვერ მივდივარ. რა ვქნა, როგორ მოვიქცე“? - ტილით ეკითხებოდა ქალი ბიბილოვს ქართულ ენაზე და იმასაც ეუბნებოდა, ვიცი, ქართული რომ იცი და ქართულად მიპასუხე, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ოსი ვარო.

ამ უმძიმესი დიალოგებისას ბიბილოვმა თავი იმით იმართლა, რომ ახალგორის მოსახლეობას წნელისში გამგზავრება ურჩია: „აბა, წნელისელებსაც ჰკითხეთ, მათაც ხომ უნდათ გადაადგილება?“ თუმცა ამ კითხვის პასუხი რიტორიკულია, რადგან გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში მოწმობს, წნელისის მიმართულებით, სწორედ დე-ფაქტო ადმინისტრაცია აფერხებს.

სწორედ ეს უმძიმესი შეხვედრა უსწრებდა წინ ექიმის განთავისუფლებას. რთული სათქმელია, რამდენად შეიძლება ებიძგა გამოფხიზლებისკენ დე-ფაქტო ადმინისტრაცია ახალგორში გაწნულ სილას, მაგრამ სულ მცირე, იქ განცდილი საშინელი და ღია დისკრედიტაციის გადაფარვის აუცილებლობის წინაშე რომ დადგა, ცხადია.

დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ სამოქალაქო აქტივიზმს არც ახალგორში, არც ოძისთან და არც თბილისში ამაოდ არ ჩაუვლია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია და მას აქვს შესაძლებლობა საზოგადოებას გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, რაც ერთი წინადადებით და მისივე სიტყვებით ასე შეიძლება შეჯამდეს: „ვეცადე ექიმის მოვალეობა ნაწილობრივ შემესრულებინა, მიუხედავად ეგრეთ წოდებული საზღვრის არსებობისა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG