ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სან-ფრანცისკოს რესტორნები ვაქცინაციის საბუთს ითხოვენ


დღეიდან სრულად ვაქცინირების დამადასტურებელ საბუთს სან-ფრანცისკოს რესტორნების, კაფეების, ბარების თუ სპორტული დარბაზების დახურული სივრცეებიც ითხოვს. მსგავსი რეგულაცია ქ. ნიუ-იორკში უკვე მოქმედებს. თუმცა, მეგაპოლისის დახურულ სივრცეებში ერთი დოზით აცრილებსაც უშვებენ. ახალ ორლეანში კი ვაქცინაციის ნაცვლად შეუძლიათ ახლადაღებულ ტესტზე უარყოფითი პასუხის ჩვენება.

ქალაქის მერმა ლონდონ ბრიდმა გადაწყვეტილების შესახებ კვირაზე მეტია გამოაცხადა. მისი განმარტებით, ინფიცირების მზარდ რაოდენობასთან გამკლავება, რომელიც უმთავრესად კორონავირუსის ძალიან გადამდები დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, სხვაგვარად შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოვიდ-19-ს შეუძლია ეკონომიკის აღდგენის პროცესი შეაფერხოს.

ზაფხულში სან-ფრანცისკოს ყურის მთელ ტერიტორიაზე ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მკვეთრად გაიზარდა. შეზღუდვების ხელახლა შემოღებამ, მათ შორის შენობებში ნიღბების ტარების რეგულაციამ, ინფიცირების ტემპი შედარებით შეანელა.

"ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, მკაცრი და რბილი ზომების კომბინაციაა საჭირო" - ამბობს ექიმი პიტერ ჩინ ჰონგი. ის კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-ფრანცისკოს ფილიალის ინფექციონისტია. ექიმ ჰონგის თქმით, "ვაქცინაციის მოწმობა რბილი ზომაა, რადგან ღია სივრცეში სადილიც შესაძლებელია. მაგრამ, თუ ხალხში გინდა შიგნით ყოფნა, მაშინ სჯობს აიცრა".

სან-ფრანცისკოს რესტორნების და ბარების მეპატრონეები ამბობენ, რომ მათ უკვე მიიღეს ზომები დამატებითი მუშახელის თაობაზე, ვისაც შესასვლელში დააყენებენ ვაქცინაციის საბუთის შესამოწმებლად. ამას გარდა, ისინი წინასწარ დაუკავშირდნენ მათ, ვისაც მაგიდები ჰქონდა პარასკევისთვის დაჯავშნილი და შეატყობინეს ახალი რეგულაციის ამოქმედების შესახებ. ადგილობრივი ბიზნესების მფლობელები შიშობენ, რომ ამ ყველაფრის გამო მათ შეიძლება კლიენტები მოაკლდეთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG